მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურიზმის სექტორიდან ვაქცინაციაზე ჯერჯერობით 3 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა“

60a3a8e134c81
ვიქტორია მღებრიშვილი
18.05.21 16:00
449
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ჩართულობა არის, თუმცა „სინოფარმის“ ვაქცინით მხოლოდ 300-400 ადამიანი შეძლებს აცრას. ამის შესახებ მან ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ დარგის წარმომადგენლების აცრა შემდგომში „სინოვაკის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

„ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილს „სინოფარმით“ ორგანიზებული ვაქცინაცია შევთავაზეთ, თუმცა „სინოფარმის“ დოზები, რომელიც ესენციური ჯგუფებისთვის იყო დარეზერვებული მცირე რაოდენობებით არის, ამიტომ ტურიზმთან მიმართებით დაახლოებით 300-400 დოზაზეა საუბარი. დოზების უფრო მეტი რაოდენობა პოლიციას და თავდაცვას მოხმარდა. მთავარია, რომ დავიწყოთ პროცესი. ინტერესი მზარდია, უკვე 3 000-მდე ადამიანია წინასწარ დარეგისტრირებული და ჩვენ გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას, რომ ვაქცინაციის პროგრამაში ორგანიზებული სახით მიიღონ მონაწილეობა.

აჭარაშიც გრძელდება ვაქცინაციის პროგრამა და იქაც არის აქტივობა, როგორც სხვაგან. ვფიქრობთ, „სინოვაკი“ იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მათ აქტიურად მიიღონ ვაქცინა და ტურისტებს აქტიურად დახვდნენ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქვეყანაში აცრა სულ სამი ვაქცინით მიმდინარეობს: ფაიზერი, სინოფარმი და ასტრა–ზენეკა. თუმცა, ქვეყანა მომდევნო კვირიდან აპირებს კორონავირუსზე აცრა ჩინური "სინოვაკითაც" დაიწყოს, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ აქვს, თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, არსებობს წინასწარი დადებითი დასკვნა, რომ ვაქცინას ავტორიზაცია მიენიჭება.