მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სექტორისთვის გაწეული დახმარება დღეის გადმოსახედიდან არასაკმარისია - თურნავა

5ea6b7a6ad208
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.20 15:01
1069
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ის დახმარება, რომელიც სახელმწიფომ გადასახადების გადავადების კუთხით ტურიზმის სექტორს ეპიდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე აღმოუჩინა, დარგის განვითარებისა და შემდგომი ფუნქციონირებისთვის არასაკმარისია.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, აუცილებელია სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის რეჟიმში განსაზღვრული იყოს ის საკითხები, სადაც ისინი დახმარებას საჭიროებენ, სწორედ ამიტომ ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის სექტორის სპეციალისტებსა და წარმომადგენლებს შორის 4 ონლაინ კონფერენცია გაიმართება.

"ბევრ რამეს ავითარებდა ტურიზმი, ბევრი სხვა სფეროს ლოკომოტივი იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ გავა თვეები და ეს ასე იქნება. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სხვაზე ადრე აღადღენს აქტივობას. მე მოვერიდები პროგნოზის გაკეთებას, როდის მოხდება ეს, რადგან შიდა ტურიზმი უფრო სწრაფად ამოქმედდება და ამ წლის ბოლომდე ველოდებით, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენ თუ დისციპლინირებულად მოვიქცევით, გვექნება შესაძლებლობა, რომ წავახალისოთ ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია შიდა ტურიზმის გააქტიურების თვალსაზრისით, მაგრამ დანარჩენი დამოკიდებულია მთლიანად მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე.

ჩვენ გვექნება ოთხშაბათს ონლაინ კონფერენცია, სადაც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, ასოციაციები და მათთან დაკავშირებული სექტორების ასოციაციები ერთობლივად განვიხილავთ დარგში არსებულ პრობლემებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი პირველი ადრესატი იყო ჩვენი დახმარების, საჭიროებს განსხვავებულ მიდგომას. ეს აქამდე რაც გაკეთდა, სწორი იყო, მაგრამ არასაკმარისია დღეის გადმოსახედიდან. ამიტომ ამ შეხვედრაზე ტურიზმის სექტორთან საუბარი გვექნება, თუ რა არის რელევანტური, რომ ამ შემთხვევაში მათ დავახმაროთ, რა სპეციფიური ბერკეტები უნდა დავახმაროთ მათ და სწორედ მათ მოსაზრებებს მოვისმენთ პირველ რიგში", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ტურისტულ კომპანიებთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება სახელმწიფოს, გასული წლის რუსული ავიაემბარგოს შედეგად აქვს.