მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პოლიტიკური გაურკვევლობის განახლებამ ლარის მერყეობა შეიძლება გაზარდოს” - IMF

60f6e603708bf
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.21 19:43
772
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, გაურკვევლობის განახლებამ საქართველოში შესაძლოა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობა გაზარდოს. ამასთან, ფონდი აცხადებს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის “სასიცოცხლოდ აუცილებელია” განახლდეს სტრუქტურული რეფორმების პროცესი.

“შიდა პოლიტიკური გაურკვევლობის განახლებამ შეიძლება გაზარდოს ლარის გაცვლითი კურისის მერყეობა, ხელი შეუშალოს ინვესტიციებს და რწმენას ეკონომიკის მიმართ. ამ რისკებს შეუძლიათ დაამძიმონ ეკონომიკაში არსებული პრობლემები, როგორიცაა მაღალი დოლარიზაცია და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების რაოდენობა,” - ნათქვამია სავალუტო ფონდის მიმოხილვაში.

რეფორმების თვალსაზრისით, IMF რამდენიმე ძირითად მიმართულებას გამოყოფს. მათ შორისაა განათლების სისტემის რეფორმა და პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესება და სასამართლო რეფორმის განხორციელება.

“ცოტა ხნის წინ მიღებული გადახდისუუნარობის ჩარჩოს კანონმდებლობა და გადახდისუუნარობის მიმართულების სპეციალისტების გადამზადება ხელს შეუწყობს რესურსების გადანაწილებას პოსტ-კრიზისულ პერიოდში. უმუშევრობის მაღალი დონე და მასთან დაკავშირებული უთანასწორობა საქართველოსთვის გრძელვადიან გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც COVID-19-ის გავლენით უფრო გამძაფრდა. უნდა განახლდეს ძალისხმევა განათლების და პროფესიული სწავლების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ძალის უნარ-ჩვევებისა და ბაზრის მოთხოვნების დაახლოებას. ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სოციალური დაცვის სისტემის მიმოხილვა, შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკასთან ერთად უმუშევრობის დამკვიდრებული პრობლემის აღმოფხვრას უნდა დაეხმაროს. და ბოლოს, სასამართლო რეფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესის გარემოს განსამტკიცებლად,” - ნათქვამია საალუტო ფონდის მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განახლებული ეკონომიკური პროგნოზები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ის ნაცვლად 7.7%-ით გაიზრდება.