მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ე.წ. ევროპელი მეგობრები კანონის და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებისკენ მოგვიწოდებენ"

63ac5edb8d0e9
BM.GE
28.12.22 19:33
517
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს
დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატ ნინო წულაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, განცხადებები, კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე,
რომელსაც ქვეყნის წინაშე დანაშაულები აქვს ჩადენილი, კატეგორიულად მიუღებელია და ევროპული ღირებულებებისგან შორსაა.

„ევროპულ ღირებულებებზე უკეთესი დღეს არაფერი არსებობს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რა არის ევროპა, დემოკრატია, ევროპული ღირებულებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როდესაც ჩვენი ე.წ. მეგობრები მოგვიწოდებენ აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებისკენ, რომ კონკრეტული პატიმარი გავათავისუფლოთ, რომელსაც აქვს დანაშაულები ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რა თქმა უნდა, ეს კატეგორიულად მიუღებელია.

აქ შინაარსობრივად საუბარია იმაზე, რომ თუ თქვენ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ კანდიდატის სტატუსსო. ახლა მე თქვენ გეკითხებით, ეს ლექსიკა და მიდგომა ნორმალურია?! ეს არის ევროპული ღირებულებები?! ასე გვინდა ავაშენოთ და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა?! მეგობრებო, პირველ რიგში, პატივი ვცეთ საკუთარ ქვეყანას, ხალხს. ვისთვის გვინდა ევროპული ღირებულებები?! რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ იმ განცხადებებს, რასაც ბოლო დღეებში ე.წ. მეგობრებისგან ვისმენთ, არც ევროპასთან, არც ევროპულ ღირებულებებთან და არც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და მერიის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარადგინა.