მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Global Finance - მა კობა გვენეტაძე ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის მესამედ დაასახელა

5f746fdbe74cb
BM.GE
30.09.20 15:41
1562
მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance - მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2020 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის მესამედ დაასახელა.

Global Finance - მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებაში პირველად 2018 წელს ჩართო და ის, გასული ორი წლის მსგავსად, A- შეფასებით ცენტრალური ბანკის მმართველების იმ ელიტარულ კლუბში მოხვდა, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება.

"ცენტრალური ბანკების ჩვენი ყოველწლიური შეფასება აჩვენებს, თუ რომელი ქვეყნები მართავენ ეკონომიკას სწორად და როგორი პოლიტიკა იძლევა დადებით შედეგებს", - განაცხადა Global Finance - ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯარაპუტომ. მისი თქმით, "კარგ დროსაც კი, ცენტრალური ბანკები მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დგანან. დღეს, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის გლობალურმა კრიზისმა მოიცვა, ცენტრალური ბანკები ისე, როგორც არასოდეს, ექცევიან პოლიტიკური და პრაქტიკული რეალობის წნეხს შორის", - აღნიშნა Global Finance - ის გამომცემელმა.

2020 წლის Central Banker Report Cards - ში 90-ზე მეტი ცენტრალური ბანკირი შეფასდა. სრული ანგარიში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების დროს, Global Finance - ის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდება და GFMag.com ‑ ზეც განთავსდება.

კობა გვენეტაძესთან ერთად, წელს აღნიშნულ კატეგორიაში არიან: ჩეხეთის ცენტრალური ბანკის მმართველი (ირჟი რუსნოკი), ასევე, ისრაელის (ემირ იარონი), ისლანდიის (ასგეირ იონსონი), საუდის არაბეთის (აჰმედ ალხოლიფეი), აშშ-ის (ჯერომ პაუელი) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები.

Global Finance - ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.

1987 წელს დაარსებული Global Finance - ი 193 ქვეყანაშია მიმოქცევაში. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტინაციონალურ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მაღალ თანამდებობებზე მყოფი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები. ჟურნალის ვებგვერდზე - GFMag.com - ქვეყნდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 33-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance - ის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს და ჟურნალის წარმომადგენლობები მთელს მსოფლიოშია განთავსებული.