მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განათლების რეფორმის ფარგლებში, უდიდესი როლი ეკისრება სასკოლო რესურსების სიმწირის დაძლევას" - ტალიაშვილი

62e16a3c55250
BM.GE
27.07.22 20:47
622
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარე თემატური მოკვლევის „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში" ჯგუფმა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი ხელმძღვანელობს, სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განათლების სფეროში მომუშავე იმ პროფესიული ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუსმინა, რომლებმაც თემატური მოკვლევის ჯგუფს წერილობითი მოსაზრებები გაუზიარეს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამილახვარის განცხადებით, მოკვლევის მიზანია აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის მიზნით, კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება.

„ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად, უმნიშვნელოვანესია შესაბამისი ხარისხის საგანმანათლებლო რესურსები. სწორედ ამ საკითხის ფარგლებში ტარდება კომიტეტში მოკვლევა. შევხვდით პროფესიულ წრეებს, პროფესიულ ასოციაციებს, რომლებმაც გაგვიზიარეს თავიანთი მოსაზრებები. გაგვიზიარეს ის პრობლემები, რომლებიც არსებობს საგანმანათლებლო რესურსებთან, გრიფირების წესთან, გრიფირების სტანდარტებთან დაკავშირებით. კომიტეტი შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს აღნიშნულ მოსაზრებებზე დაყრდნობით, რათა მოხდეს ამ კუთხით სისტემის კიდევ უფრო დახვეწა და გაუმჯობესება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, პარლამენტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, მზად არის ამ მიმართულებით ხარვეზების და გამოწვევების გადაჭრის გზით ერთობლივი მუშაობისთვის.

„განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, უდიდესი როლი ეკისრება სასკოლო რესურსების სიმწირის დაძლევას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს არსებული რესურსების მეტად მორგება მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. თემატური მოკვლევის ფარგლებში, ვხვდებით განათლების სექტორის წარმომადგენლებს. სწორედ საერთო მაგიდასთან, რეკომენდაციების, შენიშვნების და მოსაზრებების გაზიარების, მათი ანალიზის და შესაბამისად, ახალი რეკომენდაციების დასახვის გზით, შესაძლებელია გადაიჭრას ის ხარვეზები, ის გამოწვევები, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით. როგორც პარლამენტის, ისე სამინისტროს მხრიდან არის სრული მზაობა იმისათვის, რომ განათლების მიმდინარე რეფორმა იყოს ძალიან წარმატებული“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია. მისი შეფასებით, საგანმანათლებლო რესურსების საკითხზე მსჯელობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხელს შეუწყობს განათლების სისტემის გაუმჯობესებას.

„კომიტეტში ძალიან მნიშვნელოვან თემას ვიხილავდით. ეს არის საგანმანათლებლო რესურსების საკითხი, მათი მომზადების, მათი ხარისხის, გამოყენების კულტურის საკითხი. საინტერესო კითხვები დაისვა. ვფიქრობ, ფიქრი ამ მიმართულებით გაგრძელდება და ეს ხელს შეუწყობს ჩვენი განათლების სისტემის უკეთესად ორგანიზებას“, - განაცხადა გია მურღულიამ.

აღნიშნული თემატური მოკვლევა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.