მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$5 მლნ-ის ინვესტიციით ამოქმედებული მზესუმზირის ზეთის წარმოება - „ჯოლიოს“ მიზნები

62f7c58364d68
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.22 23:26
2716
საქართველოში, კერძოდ ფოთში 2021 წელს ამოქმედებული მზესუმზირის გადამმუშავებელი საწარმო „ჯოლიო“ წარმოებას ავითარებს. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მლნ დოლარია და საწარმოში 3 პროდუქტი რაფინირებული, ბოთლირებული მზესუმზირის ზეთი; გრანულირებული მზესუმზირის შროტი (ცხოველთა და ფრინველთა კვება) და მზესუმზირის ქერქისგან დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა მყარი საწვავი იწარმოება.

როგორც BM.GE-ის კომპანიიდან აცნობეს, საწარმოს მაქსიმალური წლიური წარმადობა 36 000 ტონა მზესუმზირის მარცვლის გადამუშავებას შეადგენს, თუმცა დღეს საწარმო სატესტო რეჟიმში მუშაობს და ნედლეულის მთავარ წყაროს უკრაინა წარმოადგენს. კომპანიაში განმარტავენ, რომ საწარმოს ამოქმედების ძირითადი მიზანი რუსეთიდან იმპორტირებული ბოთლირებული მზესუმზირის ზეთის ჩანაცვლება და იმპორტის შემცირებაა.

„საწარმოს მაქსიმალური წლიური სიმძლავრე 36 000 ტ-ს შეადგენს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გადამუშავების პროცესი ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმშია, მომავალი წლის გეგმაში მხოლოდ 60-70% დატვირთვაზეა გათვლა. დღეისთვის საწარმოს ჩამოსასხმელი ხაზის გამართვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და პროცესის დასრულება 2022 წლის სექტემბრისთვის იგეგმება. შესაბამისად, ამ პერიოდისთვის ძირითად აქცენტს კონტეინერებით არარაფინირებული ზეთის ჩრდილოეთ აფრიკისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით ექსპორტზე ვაკეთებთ“, - ამბობენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, საქართველოში „ჯოლიო“-ს ბოთლირებული ზეთის რეალიზება ბრენდი „იალონი“-ს სახით სატესტო რეჟიმში „ჯიბე“-ს საბითუმო ჰიპერმარკეტებში ხორციელდება.

„იალონი“ იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით საკმაოდ კონკურენტუნარიანია, რამეთუ ჩვენ მთავარ ამოცანას მომხმარებლამდე უმაღლესი ხარისხის 100% მზესუმზირის ზეთის მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად მიტანა წარმოადგენს“, - ამბობენ კომპანიაში, თუმცა ქართული წარმოების ზეთის სარეალიზაციო ფასს არ აკონკრეტებენ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიას განვითარების მინიმუმ 5-წლიანი სტრატეგია აქვს.

„ჩვენი გეგმა ადგილობრივი ბაზრის მზესუმზირის ზეთით მომარაგებას, იმპორტირებული მზესუმზირის ზეთის 25-30%-ით ჩანაცვლებას და აქტიურად ექსპორტზე მუშაობას მოიცავს, რადგან ზეთი საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისია.

როდესაც განვითარების მიზნით ფინანსური რესურსის დამატებაზე ვსაუბრობთ, ეს გულისხმობს ტექნიკური კუთხით დანადგარების და აღჭურვილობის გაუმჯობესება/დამატებას, ასევე ადამიანური რესურსების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ მუდმივ და უწყვეტ რეჟიმში ზრდას“, - უთხრეს BM.GE-ს კომპანიაში