მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოეწყობა ვერტმფრენის სადგომი და ასაფრენი - რა გეგმები აქვს წყალტუბოში, სანატორიუმ „თბილისის“ ინვესტორს?

6364da0800954
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.22 18:20
6926
წყალტუბოში, სახელმწიფო პროგრამა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში გაყიდული სანატორიუმ „თბილისის“ აღდგენისა და 5-ვარსკვლავიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.

სანატორიუმი „თბილისი“ კომპანია „აკამ“ სახელმწიფოსგან 3.152 მლნ ლარად შეიძინა. კომპანიამ, რომლის ძირითადი პროფილი საცხოვრებელი ბინების დეველოპმენტია, სახელმწიფო ქონების შეძენით, წყალტუბოში 2023 წლის 1 იანვრიდან არაუგვიანეს 55 თვის ვადაში, არანაკლებ 110-ნომრიანი სასტუმროს მოწყობის და ამისთვის მინიმუმ 9 426 900 ლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღო.

BM.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ სანატორიუმ თბილისის ტერიტორიაზე სასტუმროს მოსაწყობად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. აქედან გამომდინარე, BM.GE-მ ინვესტორის გეგმების გასაგებად, კომპანია „აკას“ 97%-იანი წილის მფლობელ ჯამათა ჩარკვიანს დაუკავშირდა.

საუბრისას კომპანიის დამფუძნებელმა წყალტუბოს სანატორიუმებით დაინტერესების მიზეზი განმარტა.

„წყალტუბოში გავიზარდე. ჩემი ქალაქისთვის სულ მინდოდა რაღაც გამეკეთებინა. პროექტის წარდგენა და ჩემი სურვილის განხორციელების შესაძლებლობა ერთმანეთ დაემთხვა და დღეისთვის მოსამზადებელი სამუშაოებიც დავიწყეთ“, - აღნიშნა ჯამათა ჩარკვიანმა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყოფილი სანატორიუმის ეზოს ნაგვისგან გასუფთავება, ხე-მცენარეების რეაბილიტაცია და ნიადაგის დამუშავების შემდეგ ახალი ნარგავების დარგვა მოხდება. ამასთან, სანატორიუმის შიდა ნაწილში დაზიანებული ფიცრის კედლების დემონტაჟი მოხდება. გარე ფასადი კი ნალესისგან გასუფთავდება და დეკორები სრულად შენარჩუნდება. წყალტუბოს ერთ-ერთი ინვესტორი აცხადებს, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ამოქმედება დაახლოებით 2-2.5 წელში იგეგმება და მის მართვაში აუცილებლად საერთაშორისო ბრენდი შემოვა, თუმცა ჯამათა ჩარკვიანი ამ ეტაპზე ბრენდის დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან მოლაპარაკებები პროცესშია.

„რაც შეხება საინვესტიციო თანხას სასტუმროს მოწყობისა და იმ გეგმების განხორციელებისთვის, რაც გვაქვს, გაცილებით მეტის ინვესტირებას ვგეგმავთ, ვიდრე ეს ვალდებულებით გვქონდა გაწერილი. ვფიქრობ, 2-ჯერ მეტი თანხის მობილიზება იქნება საჭირო.

155 სასტუმრო ნომერი, 4 სართულზე განთავსდება, მეხუთე სართული კი სრულად საპრეზიდენტო ნომერს დაეთმობა.

სასტუმროში მოეწყობა მაღალი კლასის რესტორნები, რომელიც ნულოვან და მეექვსე სართულებზე განთავსდება, საიდანაც ხედი მთელ წყალტუბოზე იშლება. ამავე სართულზე მოეწყობა ადგილი საქორწილო რიტუალისთვის. ეზოში გვინდა აღვადგინოთ და მოვაწყოთ შადრევანი, რომელიც სანატორიუმის მოქმედების პირველ წლებში იყო.

ასევე, სასტუმროში აუცილებლად მოეწყობა სპა, ოლიმპიური აუზი, სატრენაჟორო დარბაზი და საუნები. ტერიტორიაზე იქნება ვერტმფრენის სადგომი და ასაფრენი, რომელითაც სარგებლობა არამხოლოდ ვიზიტორებს შეეძლებათ, არამედ მისი გამოყენება სამაშველო ოპერაციებისთვისაც მოხდება. გრძელვადიან პერიოდში ელექტრომობილების შემოყვანას და სწრაფი დამტენების დაყენებას ვგეგმავთ“, - უთხრა BM.GE-ს ჯამათა ჩარკვიანმა და დასძინა, რომ სასტუმრო და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ტერიტორიაზე განთავსებული მზის ენერგო სადგურის გამომუშავებული ელექტროენერგიით მომარაგდება.

მისი თქმით, სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, კომპანია „აკამ“ წყალტუბოში საკუთარი მეურნეობების მოსაწყობად დამატებით სასოფლო-სამეურნეო მიწები შეიძინა.

„სასტუმროს რესტორნების სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მომარაგებას, ჩვენი ბაღებიდან ვგეგმავთ, რისთვისაც გავაშენებთ ხილისა და კენკროვან კულტურებსა და ბოსტნეულის ბაღებს. ამასთან ჩვენს გეგმაში საკონსერვო საწარმოს აშენებაც შედის, სადაც ნატურალური წვენები, მურაბები, საწებელი და ჩირები დამზადდება. ასევე მეფრინველეობის და საქონლის ფერმისა და თევზსაშენის მოწყობას ვგეგმავთ“, - აღნიშნა გეგმებზე საუბრისას „აკას“ ხელმძღვანელმა ჯამათა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის: მთავრობის მიერ წყალტუბოს განახლების გეგმის პროექტის ფარგლებში ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირველი აუქციონი 6 ივლისს გამოაცხადა და ის 4 აგვისტოს 17:00 საათზე დასრულდა. იმ პერიოდისთვის, აუქციონებზე გამოტანილი 14 სანატორიუმიდან მხოლოდ 2 სანატორიუმი გაიყიდა. პირობიანი აუქციონის შედეგების მიხედვით, სანატორიუმი „თბილისი“ 3.152 მლნ ლარად, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ 5.830 მლნ ლარად გაიყიდა. პირველ ჯერზე 12 სანატორიუმის აუქციონი ჩავარდა.