მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air აბუდაბი-ქუთაისის რეისის დაწყებას გეგმავს - კომპანია რეგულაციების შემსუბუქებას ელოდება

603faba4c6e34
სალომე მეცხვარიშვილი
03.03.21 19:47
1289
უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებას ელოდება, რათა აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირება დაიწყოს. როგორც Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ BM.ge-ისთან საუბრისას განაცხადა, ჯერჯერობით, რთულია თქმა, როდიდან დაიწყება ფრენები ამ მიმართულებაზე.

“სამწუხაროდ, ვერ გეტყვით კონკრეტულ თარიღს, არამხოლოდ აბუდაბის და საქართველოს, არამედ ნებისმიერი სხვა მიმართულებითაც, რადგან ამჟამად არსებული მდგომარეობა კონტროლს არ ექვემდებარება. ჩვენ არ გვაქვს არც ხომალდების პრობლემა, არც სხვა მიმართულებით ტექნიკური პრობლემები, თუმცა პანდემია იმაზე მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. კვლავ არის შეზღუდვები ქვეყნებში შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით და რომც განვაახლოთ ოპერირება და დავამატოთ ახალი მიმართულებები, პრაქტიკულად არ არის ან შეიძლება ითქვას, ძალიან მცირეა მოთხოვნა, ამიტომ 20-მდე მიმართულებაზე ფრენების შეჩერება გახდა საჭირო”, - აცხადებს ანდრაშ რადო.

Wizz Air Abu Dhabi არაბთა გაერთიანებული საემიროების ახალი ეროვნული ავიაკომპანიაა, რომელიც აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული. როგორც Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ BM.ge-ისთან საუბრისას განაცხადა, აბუ დაბი საკმაოდ კარგი ლოკაციაა, რომ კომპანია მომავალ წლებში აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით, მილიარდობით მგზავრს მოემსახუროს.

"წლის დასაწყიში შევქმენით ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi, რადგან ვხედავთ, ძალიან დიდ პოტენციალს აბუ დაბიში. ეს არის ძალიან კარგი ლოკაცია რეგიონში. ვფიქრობთ, მომდევნო წლებში მილიარდობით მგზავრის გადაყვანას შევძლებთ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და - პირიქით. ყველაფერთან ერთად, აქამდე რეგიონში არ ყოფილა რეალური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით ვგეგმავთ გავზარდოთ კავშირები და მომხმარებელს შევთავაზოთ, როგორც ახალი ასევე არსებული მიმართულებები“, - განმარტავს ანდაშ რადო.

Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელის თქმით, ავიაკომპანია ამჟამად აბუ-დაბიში მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს, თუმცა, სამომავლოდ საკმაოდ დიდი გეგმები აქვთ.

"უკვე გვყავს 4 ხომალდი, ვგეგმავთ უფრო მეტი გვყავდეს. კონკრეტულად კი - 6, რომელიც დაემატება ერთი წლის განმავლობაში, თუმცა გეგმები კიდევ უფრო დიდია, დაახლოებით, 10 წელიწადში ხომალდების რიცხვი 200-მდე უნდა გაიზარდოს", - აცხადებს რადო.

Wizz Air Abu Dhabi – რეგიონის უმსხვილესი ჰოლდინგის, Abu Dhabi Developmental Holding Company (ADQ)-და და Wizz Air Holdings Plc-ის ერთიანი პროექტია, რომელმაც ბოლო პერიოდში ეროვნული გადამზიდის სტატუსი მოიპოვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებისგან. ის მთლიანად ერგება თანამედროვე სარეგულაციო სტანდარტებს და მზადაა, ოპერაციების დასაწყებად. Wizz Air Abu Dhabi-ის ავიაპარკი Airbus A321neo-ებითაა დაკომპლექტებული.