მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა - დღესდღეობით საპენსიო დანაზოგებზე 100 მილიონი ლარია დარიცხული

5f720d3f9136e
BM.GE
28.09.20 20:23
809
საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელზეც საერთაშორისოდ აღიარებულმა პროფესიონალმა ექსპერტთა გუნდმა იმუშავა, იძლევა საშუალებას, რომ საპენსიო აქტივების განთავსება უფრო ეფექტური გახდეს და უფრო მეტად ეფექტიანად და უსაფრთხოდ იყოს ინვესტირებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის ახალი დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელიც მთავრობამ განახორციელა.

საპენსიო სქემაში დღესდღეობით ერთ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს და ყოველთვიურად 12 ათასამდე ახალი ბენეფიციარი ემატება.

„დოკუმენტის მთავარი მიზანია, რომ ის ფინანსური რესურსი, რაც აქვს აკუმულირებული საპენსიო ფონდს ანარიცხების სახით - ჯამში ეს არის 1 მილიარდ ლარამდე რესურსი, განთავსებული იყოს იმდაგვარად, რომ ეს იყოს შედარებით დაბალი რისკის მქონე ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ ამავდროულად მაღალი სარგებლის მომტანი. დღესდღეობით საპენსიო დანაზოგებზე 100 მილიონი ლარია დარიცხული. ჯამში ეს იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ დანაზოგს გაუფასურება არ ეხება. დარიცხული სარგებელი დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება ინფლაციის დონეს და ამავდროულად ეს არის დიდი კონტრიბუცია და დიდი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირებას. მისი მთავარი მიზანია, რომ ნაკლებრისკიანი პორტფელის მეშვეობით მიღებულ იქნას მაღალი ამონაგები. დღევანდელი მონაცემებით, საპენსიო აქტივები იმართება ეფექტურად 11.1 %-ში, რაც უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებმა მიიღონ მაღალი ამონაგები.