მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა ამბობს, რომ WizzAir ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს - რას ამბობს ავიაკომპანია?

6040a44c0073a
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.21 13:31
1514

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მთლიანობაში მარტის განმავლობაში კვირაში დაახლოებით 70 სამგზავრო ფრენა განხორციელდება. ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით ზაფხულში 200 ფრენა იქნება, მაშინ როდესაც გასული წლის აგვისტოში კვირაში გვქონდა 10-12 სიხშირე, ანუ ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა 7-ჯერ გაიზრდება“, - განაცხადა მინისტრმა.

თურნავამ ისიც თქვა, რომ WizzAir ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს.

„WizzAir ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მარტის ბოლოდან განაახლებს და ამ დროისთვის ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა.

მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია WizzAir Abudabi, რომელიც აბუდაბი-ქუთაისი-აბუდაბის მიმართულებით ფრენებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს“, - თქვა ნათია თურნავამ.



რაც შეეხება თავად ავიაკომპანიის პოზიციას, დაბალბიუჯეტური უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ში ჯერ არ იციან, განაახლებენ თუ არა ფრენებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რომელიც მარტის ბოლოდან იწყება. როგორც Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ გუშინ BM.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ფრენებს იმ შემთხვევაში განაახლებენ, თუ ეს კომერციულად გამართლებული იქნება.



მისი განმარტებით, ამჟამად ფრენებზე დაბალი მოთხოვნაა, რადგან მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვები საკმაოდ მკაცრია, რიგ შემთხვევაში კარანტინსაც ითვალისწინებს, რაც მომხმარებელს მოგზაურობის მოტივაციას უკარგავს.

“მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველოდან ფრენებს და ოპერირებას ევროპის ქვეყნებში ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დავიწყებთ, თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ დამოკიდებული ვართ სხვადასხვა ქვეყნის კანონებსა და რეგულაციებზე და თუ ისინი არ გახსნიან საზღვრებს, ჩვენ ვერ შევასრულებთ ფრენებს. როგორც კი შეზღუდვები შერბილდება, გაიზრდება მოთხოვნა, ჩვენც განვაახლებთ ფრენებს.

როგორც ჩანს, დაწესებული შეზღუდვები გარკვეული ვადით კვლავ დარჩება, თუმცა, ვაგრძელებთ მონიტორინგს, მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლებასთან, საუბარს ევროკავშირის ქვეყნებთან. ყოველდღიურად ვაკვირდებით, როგორ იცვლება რეგულაციები.

განვაახლებთ ოპერირებას ქუთაისიდან, რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად. გვინდა ფრენების განახლება და ამას მოვახერხებთ როგორც კი ჩვენი ოპერირება კომერციულად გამართლებული იქნება; როგორც კი ქართველებს უცხო ქვეყანაში შესვლა შეეძლებათ და როგორც კი უცხოელი ტურისტები შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას და ტურიზმის გააქტიურებას მისცემენ ბიძგს”,- აცხადებს ანდრაშ რადო.


მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ ის ავიაკომპანიები დაასახელა, რომლებმაც ფრენების სიხშირე გაზარდეს.

„1 თებერვლიდან ჩვენ გავაუქმეთ ე.წ. ნოტამი ანუ მოვხსენით ყველა შეზღუდვა საერთაშორისო, კერძო რეგულარულ ფრენებზე, დღეს გვაქვს შემდეგი სურათი, რომ თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა კვირაში 2 სიხშირით, Fly Dubai-მ კვირაში 4 სიხშირით, Air Arabia-მ კვირაში 2 სიხშირით, ხოლო მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება Buta Airways-ი ბაქო-თბილისი-ბაქო კვირაში 3 სიხშირით, ასევე Air Astana და Fly Aristani, რომელიც ყაზახეთის დაბალბიუჯეტური კომპანიაა.

ფრენების სიხშირე გაზარდეს მაგალითად თურქეთის ავიხაზებმა, რომელსაც კვირაში 3 სიხშირე ჰქონდა, ამ მომენტისთვის დღეში 2 რეისს ასრულებს; Pegasus-ი ახორციელებდა კვირაში 2 სიხშირით, დღეისთვის ყოველთვიურად დაფრინავს; ყატარის ავიახაზებიც გადავიდა ყოველდღიურ რეისებზე კვირაში 4 სიხშირით“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მარტის მეორე ნახევრიდან საქართველოს ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადები ისრაელიდან ეწვევა.

„სასიხარულო ინფორმაციაა, რომ გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები. მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია შეასრულებს 3 ტურისტულ ჩარტერულ რეისს 19-22-26 მარტს თელავივი-ბათუმი-თელ-ავივის მიმართულებით, რაც ჩვენი პირველი შემსუბუქების შედეგია“, - განაცხადა მინისტრმა.