მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა ამერიკელი კონგრესმენების წერილებზე: ზოგჯერ განცხადებები ცრუ ინფორმაციებს ეყრდნობა

5e328cf4ad951
შოთა ტყეშელაშვილი
30.01.20 12:15
971
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ აშშ-ის სენატორების მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოს მთავრობის ყურადღების გარეშე არ დარჩება. ამასთანავე, ნათია თურნავა ამბობს, რომ ზოგჯერ ეს განცხადება "ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა."

"რა თქმა უნდა სენატორების განცხადება არ დარჩება ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე. ჩვენთვის ყოველთვის ყურადსაღებია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ამერიკის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლის ესა თუ ის განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ამ ბოლო პერიოდში ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა ეს განცხადება. მაგრამ, ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით ვეცნობით ამ განცხადებებს და შესაბამისი რეაგირებაც რა თქმა უნდა მოყვება,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

ნათია თურნავამ ამერიკულ ენერგოკომპანია Frontera-სა და საქართველოს "ნავთობისა და გაზის კორპორაციას" შორის მიმდინარე დავის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ საქმე საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ განიხილება, რის გამოც საქართველოს მთავრობა მის შესახებ განცხადებების გაკეთებას ერიდება. ნათია თურნავა ასევე ამბობს, რომ Frontera უპასუხისმგებლოდ იქცევა საკუთარი თანამშრომლების მიმართაც, რადგანაც მას დასაქმებულთა წინაშე 11 თვეზე დიდი სახელფასო დავალიანება აქვს. 

"როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო არბიტრაჟში, მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანოში მიმდინარეობს დავა, საქართველოს მხრიდან ამ დავაში ჩართული არის "ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და ნავთობისა და გაზის სააგენტო. მინდა გითხრათ, რომ 2019 წლის დეკემბერში, ლონდონში უკვე დასრულდა არსებითი მოსმენები ამ დავასთან დაკავშირებით. ჩვენი მხარე დიდი მოთმინებითა და პატივისცემით ველოდებით, უახლოეს პერიოდში საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხარე - "ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და სააგენტო საკმაოდ მყარად არიან დარწმუნებულები საკუთარ არგუმენტებში და ამ დავის მოგების საკუთარ შანსებში. ჩვენ პატივს ვცემთ საარბიტრაჟო პროცესს, ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო არბიტრაჟის ინსტიტუციას და ამიტომ თავს ვიკავებთ ხოლმე სხვადასხვა მკვეთრი გამონათქვამებისგან, რასაც მე სხვებსაც მოვუწოდებ, ვინც არ უნდა იყოს ეს. პატივი ვცეთ საერთაშორისო არბიტრაჟს, ნუ გავაკეთებთ სხვადასხვა სახის მკვეთრ და ხშირ შემთხვევაში არასწორ განცხადებებს, მანამ, სანამ არ იქნება გამოცხადებული საბოლოო გადაწყვეტილება,  რამეთუ ეს სამართლიანად და ლოგიკურად შეიძლება იყოს აღქმული საერთაშორისო არბიტრაჟზე ზეწოლის ფაქტად. ასევე მინდა ერთი რამ დავამატო "ფრონტერასთან" დაკავშირებით, არ შემიძლია, არ ვთქვა, რადგან ჩვენ ეკონომიკის სამინისტრო ვართ მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებასა და დასაქმებულების ინტერესებზე ვზრუნავთ. კომპანია Frontera Georgia-მ ბოლო პერიოდში, მე ვიტყოდი ძალიან უპასუხისმგებლო მიდგომა გამოავლინა საკუთარი პერსონალის და იქ დასაქმებული მუშების მიმართ. ჩვენი ინფორმაციით 11 თვის და მეტის დავალიანება დაუგროვდა კომპანიას საკუთარი პერსონალის მიმართ გაუცემელი ხელფასების სახით. კომპანიამ ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ათობით ჩვენი მოქალაქე და ოჯახი,"- ამბობს ნათია თურნავა.