მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: ანაკლიის ახალი ინვესტორის ძიების პროცესი გამჭვირვალე იქნება

5e16de94ce201
შოთა ტყეშელაშვილი
09.01.20 12:00
1049
"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ინვესტორის ძიების პროცესი ისევ და ისევ გამჭვირვალედ ჩაივლის", - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
 
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ანაკლიის განვითარების კონსრციუმთან დადებული შეთანხმების გაწყვეტის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კონსორციუმმა ნაკისრი ვალდებულებები დადგენილ ვადებში ვერ შეასრულა.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურანავა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკური იყო.

"დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნა სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან შეწყდა ხელშეკრულება. ეს შეწყვეტა აბსოლუტურად ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ 2017 წლიდან ამ პროექტს უპრეცედენტო მხარდაჭერას ვუცხადებთ - იურიდიულს, ფინანსურს, ორგანიზაციულს, პოლიტიკურს. პროექტი არაერთხელ გადავადდა, რეალურად იმ პირობების თანახმად, რომლითაც მოხდა ამ პროექტის ტენდერზე გამოტანა და გამარჯვებულის გამოვლენა, დღეს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა. ადამიანები დასაქმებული უნდა ყოფილიყვნენ, ტვირთები უკვე გადამუშავებული უნდა ყოფილიყო, უნდა მიგვეღო ძალიან ბევრი სიკეთე, რაც ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტთან არის დაკავშირებული.

ეს არის სრულიად ინვესტორის პასუხისმგებლობა, ვერ დამისახელებთ სხვა ვერცერთ პროექტს, რომელსაც სახელმწიფომ გამოუცხადა ესოდენ მაღალი მხარდაჭერა, დაწყებული იურიდიული გარანტიებიდან, ეს ერთადერთი კომერციული პროექტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში არის მოხსენიებული, დამთავრებული ფინანსური, ორგანიზაციული და სხვა სახის მხარდაჭერით. აქედან გამომდინარე, ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი. ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია არის ჩვენი სტრატეგიული პროექტი, ჩვენ აუცილებლობას ვხედავთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, მაგრამ უკვე ამ ინვესტორის გარეშე, რადგანაც რესურსს ვერ ვხედავთ ამ ინვესტორთან მიმართებით პროექტის გაგრძელების. მეტი შანსი და მეტი გადავადება, მეტი დაყოვნება არის შეუძლებელი და ის ავნებს ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს.

არის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ და გადავახალისოთ ამ პირობებს, გავხადოთ ის უფრო ადეკვატური დღევანდელობისა, ვინაიდან 2017 წლიდან ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ინვესტორის ძიების პროცესი ისევ და ისევ გამჭვირვალედ ჩაივლის", - ამბობს ნათია თურნავა.

"2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა", რომელმაც ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება მოიპოვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. მათ შორის, ვერ მოიზიდა 120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან, პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან, რითაც მთავრობას წარმოეშვა ხელშეკრულების მოშლის სრული და უპირობო უფლება", - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.