მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: „აშშ-ის დახმარებით ვიწყებთ 5-წლიან პროგრამას ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის“

6101426d4d71d
ინგა მურუსიძე
28.07.21 22:00
635
„აშშ-ის მთავრობა, ტრადიციულად, გვეხმარება ენერგეტიკული რეფორმის გატარებასა და ქართული ენერგეტიკის განვითარებაში. მათი დახმარებით ძალიან მნიშვნელოვანი, 5-წლიანი პროგრამა იწყება დღეს, რომელსაც ეწოდება საქართველოს ენერგეტიკული მომავლისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გორში, USAID-ის ენერგეტიკული პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

მინისტრის თქმით, ჩვენი რეფორმების, ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველოს ენერგეტიკული სექტორი გავხადოთ სრულად დამოუკიდებელი, ძლიერი, დაყრდნობილი საკუთარ რესურსზე და ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე, რაშიც დაგვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი მეგობრები.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოსთვის აუცილებელია საკუთარი, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება - ეს არის ჰიდროსადგურები, ქარისა და მზის სადგურები და განახლებადი ენერგიის სხვა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ქვეყანაში შემოდის.

„ცხადია, უნდა გვქონდეს აქტიური ვაჭრობა მეზობელ სახელმწიფოებთან, ასევე ვაპირებთ, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დასაკავშირებლად, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენი საკუთარი წყაროები უნდა გვქონდეს და ვიყოთ ძალიან ძლიერები ამ თვალსაზრისით. ამიტომ, ენერგეტიკული უსაფრთხოება, რაზეც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს, მათ შორის არის ადგილობრივი ენერგიის წყაროებზე დაყრდნობილი ახალი სადგურების განვითარება, კიბერუსაფრთხოება, რაც ჩვენი ქსელებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ოჯახთან ხარისხიანად, გამართულად, ყოველგვარი წყვეტის გარეშე მივიტანოთ ელექტროენერგია და ამისთვის ჩვენი ქსელებიც განვითარდეს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში წარმოადგენს 5-წლიან პროექტს, რომლის ბიუჯეტი 15,7 მილიონი აშშ დოლარია. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება რეფორმების განხორციელებისა და ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რომელიც ქვეყანას დაეხმარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში.