მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: "აზერბაიჯანთან ვსაუბრობთ ახალ, საინტერესო პროექტებზე შავ ზღვაზე"

5e57fc080b164
BM.GE
27.02.20 21:25
1073
„აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან განვიხილეთ ერთობლივი ლოგისტიკური პროექტები, რომლებზეც, ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ თბილისშიც, აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ძალიან დიდ ინვესტიციებს ვდებთ ჩვენს ინფრასტრუქტურაში, ვავითარებთ, მათ შორის, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას და, რასაკვირველია, ამას დატვირთვა და განვითარება მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ მთლიანად დერეფანი ისარგებლებს ამ ინფრასტრუქტურით, პირველ რიგში კი, ეს დამოკიდებულია ჩვენს ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე აზერბაიჯანთან“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ბაქოში, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან, მიქაელ ჯაბაროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავას შეფასებით, ძალიან მჭიდრო, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება ორ სახელმწიფოს შორის, ეკონომიკის სამინისტროებს შორის, რაც ხელს უწყობს ერთობლივი სატერმინალო პროექტების განვითარებას, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დაჩქარებული ტემპით დასრულებას და ა.შ. „ასევე ვსაუბრობთ სრულიად ახალ, საინტერესო პროექტებზე შავ ზღვაზე, რომელშიც შესაძლებელია, ჩაერთოს აზერბაიჯანის კერძო თუ სახელმწიფო შესაბამისი სტრუქტურები, რაც, მთლიანობაში, ჩვენი საერთო დერეფნის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ორ უწყებას შორის ასევე საუბარია დიდ, ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტებზე, რადგან საქართველო ძალიან სწრაფად ავითარებს თავის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ახალ გენერაციის ობიექტებს.

„მე გავაცანი ჩემს კოლეგას ახალი ინიციატივა, რაც გულისხმობს შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროხაზის გაყვანას, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან. პროექტს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მნიშვნელობა, კომერციული მიმზიდველობა მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მასში მიიღებს მონაწილეობას რეგიონი და მათ შორის, აზერბაიჯანი, რომელიც დღესაც არის ჩვენი საიმედო პარტნიორი, რადგან მონაწილეობს ჩვენი ელექტროენერგიით მომარაგების პროცესში იმ პერიოდებში, როდესაც საქართველოს ბაზარი დეფიციტურია“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ბაქოში სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან.

მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ექსპერტი აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის საკითხებში გიორგი ვაშაყმაძე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი გივი ბახტაძე; შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან კანკავა; შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ოლეგ ბიჭიაშვილი; სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი დავით ონიანი.