21.ოქტომბერი .2019 16:50

თურნავა: დეტექტორების დამონტაჟების ვალდებულებასთან დაკავშირებით სემეკი დადგენილებას მიიღებს

views 291
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ორი დღის წინ გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, გაზგამანაწილებელი კომპანიების ძალისხმევას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. მინისტრის თქმითვე, მთავრობა კომპანია „სოკართან“ აპირებს საუბარს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პროცესი უმტკივნეულოდ.
 
ამასთანავე, მინისტრის თქმით, უნდა გამკაცრდეს ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მოხმარების რეგულაციები, რაზეც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

"ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და იმისთვის, რომ ჩვენ მომავალში პრევენცია გავაკეთოთ ასეთი სამწუხარო ფაქტების, ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ და გაგებით მოვეკიდოთ გაზგამანაწილებელი კომპანიების ძალისხმევას, რათა მოაწესრიგონ გაზგაყვანილობა ყველგან, განსაკუთრებით იქ, სადაც საქმე ეხება ბავშვების ჯანმრთელობას და ბავშვების სიცოცხლეს. ჩვენ ვისაუბრებთ კომპანიებთან იმაზე, თუ როგორ განვახორციელოთ ეს პროცესი უფრო უმტკივნეულოდ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოება არის უპირატესი და ამასთან დაკავშირებით ისეთი რეგულაცია იქნება, რომ ეს მოსახლეობას ფინანსურად მძიმე ტვირთად არ დააწვეს.

"ჯერ კიდევ შარშან გაზგამანაწილებელ კომპანიებს მიეცათ ძალიან მკაცრი მითითება ჩვენგანაც და მარეგულირებელის მხრიდანაც, რომ მათ განახორციელონ გეგმაზომიერად გადამოწმება გაზის ყველა მოწყობილობის, რაც კი არის დამონტაჟებული სხვადასხვა აბონენტთან. მეორე ნაწილი არის კანონმდებლობის გამკაცრება და პაკეტი ამასთან დაკავშირებით მომზადებულია და განიხილება უკვე მთავრობის მიერ. აქ საუბარია იმაზე, რომ თუკი სახლი ჩაკეტილია, ან სახლის მეპატრონე უარს ამბობს, არ უშვებს შემოწმებაზე და არ უნდა, რომ აცადოს გაზგამანაწილებელ კომპანიას, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, აქ მკაცრდება პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი.

რაც შეეხება გაზის დეტექტორების დამონტაჟების ვალდებულებას, სემეკი იღებს ამ დღეებში დადგენილებას.

მნიშვნელოვანია, რომ გაზის დეტექტორების დამონტაჟება არ იყოს დამატებითი ფინანსური ტვირთი აბონენტისთვის. კანონპროექტი ჩაფიქრებულია ისე, რომ პირველი სამი წელიწადი ეს ფინანსურად არ დააწვეს მოსახლეობას, მაგრამ უნდა შევიგნოთ, რომ უსაფრთხოება არის უპირატესი", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.