მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა გურამიშვილზე აფეთქების შესახებ: თუ მოსახლეობა არ გვეთანამშრომლა, პრევენცია რთული იქნება

5daad12bbc7cd
დავით ჯალაღონია
19.10.19 12:55
689
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, სადაც გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში, გაზის სავარაუდო გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების გამო, ერთ–ერთი დაზარალებულია მოთავსებული.

"ძალიან სამწუხარო შემთხვევაა. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობა. პირველ რიგში, მინდა სოსო (დაზარალებული სოსო ჯავახიშვილი), მისი ახლობლები მოვინახულო, ექიმს მოვუსმინო და როგორც ვიცი, ასევე სხვა დაზარალებულების ძირითადი ნაწილი უკვე გაწერილია, მაგრამ კიდევ ერთი დაზარალებული რჩება სტაციონარში და იქაც მივალ და მოვინახულებ“, – განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, ნათია თურნავამ გაზდანადგარების ექსპლოატაციის მიმართულებით არსებულ კანონმდებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა და წესები. გაზგამანაწილებელი კომპანიები აკეთებენ გეგმიურ შემოვლას და ქალაქებსა და სოფლებში ამოწმებენ მოსახლეობას, სადაც არის გაზის მოწყობილობები, ხდება იმ გაზის მოწყობილობების ჩაჭრა, რომელიც წესების დარღვევით არის დამონტაჟებული, მაგრამ თუ თვითონ მოსახლეობა არ გვეთანამშრომლა, რთული იქნება ასეთი შემთხვევების პრევენცია.

მე მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, დადგა უკვე გათბობის სეზონი და ძალიან მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ. აუცილებლად მივცეთ უფლება გაზგამანაწილებელ კომპანიებს, შემოვიდნენ, შეამოწმონ ეს მოწყობილობები. თუ აუცილებელი გახდა გამორთვა და თუ მიიღეს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ, არ მიაერთონ თვითნებურად, რადგან აქ საუბარია თითოეულის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

ჩვენ, გამკაცრების თვალსაზრისით, ასევე სავალდებულო წესით შემოგვაქვს დეტექტორების დამონტაჟება და ეს შეეხება როგორც ახალ მშენებლობებს, ასევე ძველ შენობებს. ყველგან უნდა არსებობდეს გაზის დეტექტორი, რომელიც შეგვატყობინებს იმ შემთხვევაში, თუკი არის ზედმეტი გაზის რაოდენობა ჰაერში და დაგვიცავს“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, გაზის დანადგარების შემოწმების მიზნით სახლში მისულ სპეციალისტებს მუშაობის შესაძლებლობა მისცენ.

შეგახსენებთ, რომ გურამიშვილის გამზირის 30 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს, დაახლოებით, 08:00 საათზე მოხდა. კორპუსი ევაკუირებულია, ოთხი დაშავებული კი სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 39 წლის მამაკაცს სხეულის 60%–იანი დამწვრობა აღენიშნება.