მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: "მიხარია, რომ ქართველ სტარტაპერებს შორის ქალბატონების რაოდენობა იზრდება"

5e5556d773ed3
BM.GE
25.02.20 23:16
702
„მთავრობის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა ავაშენოთ. მე პირადად, როგორც ეკონომიკის მინისტრს და როგორც ქალს, ძალიან მახარებს ქალბატონების რაოდენობა სტარტაპერებს შორის, რადგან ძალიან ბევრი, კრეატიული იდეის სათავეში დგანან ახალგაზრდა, წარმატებული, ქართველი ქალები, რაც ძალიან ლოგიკურია“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტექნოპარკში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება მეტი ინოვაციური პროექტი და არ უნდა დავიშუროთ ის რესურსები, რაც წაახალისებს ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს. საქართველო მცირე ეკონომიკაა, მცირე ბაზარი და ჩვენ გვსურს, რომ ჩვენთან მომზადებული სტარტაპი იყოს საინტერესო გლობალური ბაზრისთვის, მხოლოდ ეს არის ჩვენი მომავალი, რასაც ვუყურებთ და მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა მინისტრმა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში საერთო ჯამში 173-მა აპლიკანტმა შეიტანა განაცხადი. კონკურსის ფინალისტები საფინალო ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეულმა ტრენერებმა მოამზადეს. ტრენინგები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 24-25 თებერვალს კონკურსანტები უკვე საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარსდგნენ, მათგან 20 სტარტაპი დღეს გამარჯვებულად დასახელდა, თითოეული მათგანი 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

ნათია თურნავამ დაჯილდოების ცერემონიაზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს და სამხრეთ კავკასიაში მის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს ჩვენი ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერისთვის, ასევე ამერიკელ სპეციალისტებს სილიკონ ველიდან, რომელთაც პროგრამის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

ნათია თურნავამ გამარჯებულ სტარტაპერებს წარმატება მიულოცა და მათ მომავალ მხარდაჭერას დაპირდა. „ჩვენ ვაშენებთ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, ცოდნაზე დაფუძნებულ ქვეყანას და თქვენ, სტარტაპერები ხართ ჩვენი გამწევი ძალა. როგორც იცით, ჩვენ ძალიან გავააქტიურეთ მხარდაჭერა სტარტაპების განვითარების მიმართულებით - გვაქვს 100 000 ლარიანი გრანტების პროგრამა, 650 000 ლარიანი გრანტების პროგრამა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის - საკმარისი იქნება ის, როდესაც ჩვენ მთელ ეკოსისტემას შევკრავთ და მეორე რიგის, მესამე რიგის დამფინანსებლები, ენჯელ-ინვესტორები, ვენჩურული ფონდები გაჩნდება და მე დღეს ძალიან მიხარია, რომ კერძო სექტორი უკვე იჩენს ინიციატივას და დაინტერესებას, რომ დააფინანსოს ჩვენს შემდეგ სტარტაპების შემდგომი განვითარების ეტაპები“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

პროგრამას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.