მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა საბანკო რეგულაციების შერბილებაზე - "ყოველთვის მომხრე ვარ, გარკვეული ლიბერალიზაცია გავაკეთოთ"

5dfb4d19edc23
ინგა მურუსიძე
19.12.19 14:15
773
საბანკო რეგულაციების ლიბერალიზაცია იგეგმება, ეს იქნება პაკეტი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, წინასწარ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნულ პაკეტზე მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს.

„ჩვენ ყველანი ვხედავთ მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის დადებით შედეგებს. ბოლო გადაწყვეტილებები, რაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული განაკვეთის გამკაცრების მიმართულებით - ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობა ამაღლდეს და ეს პროცესი გაგრძელდება.

გამოწვევას წარმოადგენდა ინფლაცია, რომელიც უფრო მაღალი იყო, ვიდრე ნორმალური, მოსალოდნელი, დაგეგმილი მაჩვენებელი. სამომხმარებლო ფასების ზრდა არის საკმაოდ მტკივნეული. ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ ნეგატიური ტენდენცია გარდაგვეტეხა და ინფლაცია დაგვებრუნებინა მისაღებ დონეზე. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად, უკვე მომავალი წლიდან ინფლაცია დაიწყებს კლებას. ამ კუთხით ეს პრობლემა არის წელში გადატეხილი და აღარ იარსებებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობას სურს, რომ უფრო მეტი თავისუფალი რესურსი გაჩნდეს ეკონომიკაში, რათა „შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა მეტი ინვესტიციის განხორციელებისთვის, მეტი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და მეტი შემოსავლის მისაღებად“.

„რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯს, რომელიც შეეხება საბანკო რეგულაციების ლიბერალიზაციას, რაც მიუხედავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, ხელს შეუწყობდა ეკონომიკური ზრდის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას; პრემიერის დავალებით ჩვენი ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი მუშაობს ამ წინადადებზებზე. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ლიბერალიზაცია იგეგმება. ეს იქნება ლიბერალიზაციის მთელი პაკეტი, მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ, რომ კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრო, ეს სამუშაო ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ძალიან მალე დასრულდება. მე, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ყოველთვის მომხრე ვარ, რომ გარკვეული ლიბერალიზაცია გავაკეთოთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკაში გაჩნდეს დაბანდების მეტი რესურსი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პრივატიაციაზე და გვაქვს უკვე ხელშესახები შედეგი. გვინდა, რომ უფრო მეტი თავისუფალი რესურსი გაჩნდეს ეკონომიკაში, რათა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა მეტი ინვესტიციის განხორციელებისთვის, მეტი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და მეტი შემოსავლის მისაღებად. ეს ყოველთვის უნდა იყოს დაბალანსებული მონეტარულ პოლიტიკასთან, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ დაბალი ინფლაცია და ჩვენი ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკი რეგულაციებს შეარბილებს - ლიმიტები გადაიხედება, ბანკებს მეტი არჩევანი მიეცემათ