09.დეკემბერი .2021 15:00

თურნავა S&P-ის მიერ რკინიგზის რეიტინგის მოლოდინის გაუმჯობესებაზე: "კომპანია განვითარების გზაზეა"

თურნავა S&P-ის მიერ რკინიგზის რეიტინგის მოლოდინის გაუმჯობესებაზე: "კომპანია განვითარების გზაზეა"
views 276
უკან

სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 8 დეკემბერს „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა და ნეგატიურიდან სტაბილურზე გადაიყვანა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ასახავს, რომ „საქართველოს რკინიგზა,“ საკმაოდ მდგრადია. მისი თქმით, 2021 წლის 9 თვეში სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები დაახლოებით 12 პროცენტითაა გაზრდილი, ასევე ორნიშნა ზრდა აღინიშნება რკინიგზის შემოსავლებში.

"საქართველოს რკინიგზამ, პანდემიის მიუხედავად, მოიზიდა საკმაოდ სოლიდური დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებიდან, განათავსა ევრობონდები - ეს არის ე.წ. მწვანე ბონდები. რკინიგზა დღეს არის ერთ-ერთი. ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ტრანსპორტი, რაც ჩვენთვის, ტურისტული ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ვაკვირდებით პოზიტიურ ტენდენციებს და დარწმუნებული ვართ, რომ რკინიგზა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო კომპანია, განვითარების დადებით გზას ადგას,“ - განაცხადა თურნავამ.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ პროგნოზის გაუმჯობესება მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის სტაბილურმა ზრდამ და გაუმჯობესებულმა საოპერაციო მაჩვენებლებმა განაპირობეს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია 2021 წელს განხორციელებული რეფინანსირება, რის მიხედვითაც „საქართველოს რკინიგზამ“ სასესხო ხარჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

მიმდინარე წელს საქართველოს რკინიგზამ 2012 წელს აღებული $500-მილიონიანი ვალის რეფინანსირება მოახდინა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის "მწვანე ობლიგაციები" 4%-იან განაკვეთში განთავსდა.

რამდენიმე კვირის წინ, რკინიგზამ 2021 წლის 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიამ წელს 10.9 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა, რაც ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას წარმოადგენს.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ იანვარ-სექტემბერში 408.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 45 მილიონი ლარით მეტია. შემოსავლის მატება, გადაზიდვების ზრდამ გამოიწვია, უფრო დეტალურად, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:

● სატვირთო გადაზიდვები - 315.6 მილიონი ლარი, მატება 6%;
● ლოგისტიკური სერვისები - 49.6 მილიონი ლარი, მატება 26%;
● სატვირთო მატარებლის საზღვრისკვეთის მოსაკრებელი - 7.5 მილიონი ლარი, კლება 31%;
● ვაგონების და სხვა საშუალებების იჯარით გაცემა - 3.9 მილიონი ლარი, კლება 50%;
● სამგზავრო გადაყვანები - 11.3 მილიონი ლარი, მატება 10%;
● სხვა - 21 მილიონი ლარი, მატება 100%.

ფინანსური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ რკინიგზისთვის მთავარი დანახარჯი არა საოპერაციო ხარჯები, არამედ ფინანსური ხარჯები იყო, რამაც 2021 წლის 9 თვეში 200.8 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ფინანსური ხარჯები ორჯერ ნაკლები იყო და 93.5 მილიონს შეადგენდა. 

რაც შეეხება კომპანიის საოპერაციო ხარჯებს, რკინიგზამ მის 12,500 დასაქმებულს ხელფასის სახით 2021 წლის 9 თვეში 127 მილიონი ლარის ხელფასები ჩაურიცხა.

ელექტროენერგიის და სხვა საოპერაციო ხარჯების მოცულობამ 36.3 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის “სხვა ხარჯები” კი 71 მილიონი ლარი იყო. ამასთან, რკინიგზის აქტივების ცვეთამ და ამორტიზაციამ მიმდინარე წლის 9 თვეში 52.4 მილიონი ლარი შეადგინა.

"საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ, 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა 489.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 0.3%-ით ნაკლები იყო. ამასთან, 2020 წელს კომპანიის ზარალმა 164.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2019 წელს კი ზარალი 5.6 მილიონი ლარი იყო. უცნობია შენარჩუნდება თუ არა კომპანიის მოგება მიმდინარე წლის ბოლომდე.

წლების მიხედვით, რკინიგზის მოგება ყველაზე მაღალი 2011 წელს იყო და 174 მილიონ ლარს შეადგენდა, ყველაზე მასშტაბური - 716-მილიონიანი ზარალი კი 2018 წელს იყო. ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების მთავარი მიზეზი გასული წლების განმავლობაში სატვირთო გადაზიდვების შემცირება იყო. 2012 წელს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 20.1 მილიონ ტონას შეადგენდა, 2013 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით, კი ტვირთბრუნვის ოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2018 წელს ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე შემცირდა, 2019 წლიდან კი, სატრანზიტო ნაკადების აღდგენა დაიწყო და ის ჯერ - 10.9 მილიონი ტონა, 2020 წელს კი 11.1 მილიონი ტონა გახდა.