მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება წაახალისებს ინვესტორებს

615010ddd4fbe
BM.GE
26.09.21 10:11
466
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება და ახალი წესების დანერგვა ამ სექტორში ინვესტიციებს წაახალისებს და ამავდროულად დაეხმარება ბაზრის სხვადასხვა მოთამაშეს. 

„ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალი წლიდან, როდესაც სრულმასშტაბიანად ამოქმედდება ენერგეტიკული ბირჟა ქვეყანაში, დავნერგოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინვესტორებს და ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენებით მეტი პროექტის განხორციელებას, როგორიცაა მცირე ჰესები, ქარისა და მზის ენერგოსადგურები, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ბაზრის ისეთ ფუნქციონირებას, რომ ენერგომომხმარებლებს, მაგალითად, ჩვენს მოსახლეობასა და მცირე ბიზნესს მიეწოდოს უწყვეტად ხარისხიანი ელექტროენერგია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობასა და სამომავლო ამოცანების განხილვას მიეძღვნა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ენერგეტიკული საბალანსო ბაზარი და მისი სატესტო რეჟიმის მართვა, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის წესები, ელექტროენერგიის აღრიცხვა და დისპეტჩერიზაცია, საჯარო მომსახურების ორგანიზაციის განხილვა და სხვა.

"აღინიშნა, რომ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება საქართველოში, მიზნად ისახავს ენერგოსექტორში თანამედროვე საბაზრო მექანიზმების დამკვიდრებას, კონკურენციის განვითარებას, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს გამჭვირვალე და კონკურენციული ფასწარმოქმნას, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და ადგილობრივი მომხმარებლის უფლებების მეტ დაცვას,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ენერგეტიკაში უმსხვილესმა ინვესტორმა ENKA-მ განაცხადა, რომ მისმა შვილობილმა კომპანია Enka Renewables-მა ეკონომიკის სამინისტროს აცნობა, რომ ნახავანჰესის თაობაზე სახელმწიფოსთან არსებულ კონტრაქტს წყვეტს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.

“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

არაერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ კომპანია სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება.