მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: სარესტორნე ინდუსტრიის მხრიდან დავინახეთ სრული მზადყოფნა

602d457371915
თამთა ჯიჯავაძე
17.02.21 20:28
720
სარესტორნე ინდუსტრიის მხრიდან დავინახეთ სრული მზადყოფნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ რესტორნების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თუმცა, მან ვერ დააკონკრეტა, თუ როდის მიეცემათ რესტორნებს შიდა სივრცეების ამუშავების უფლება. 

თურნავას თქმით, შეხვედრაზე რესტორნები აქეთ მოუწოდებდნენ მათ, "რომ უფრო მეტი კონტროლი იყოს".

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, როდესაც შევძლებთ სარესტორნე ინდუსტრიის შიდა სივრცეების ამოქმედებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ მაქსიმალურად ერთობლივად გვინდა რომ მოვაახლოვოთ.

თუმცა, ჩვენ იმდენად ბევრი მობილობის სფერო გავხსენით, რომ რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი საჭიროა დავაკვირდეთ როგორ იმოქმედებს ეპიდვითარებაზე სკოლების, ბაზრობების, სავაჭრო სივრცეების გახსნა. მთლიანობაში თუ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება და ისეთივე პოზიტიური ვითარება, როგორიც დღესაა შენარჩუნდება, არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში ვიმსჯელოთ საკოორდინაციო საბჭოზე უკვე რესტორნების შიდა სივრცეების გახსნაზე. ამისთვის აუცილებელია დავინახოთ რა პასუხისმგებლობას იღებს ეს სფერო. ამიტომ ჩვენ დღეს გვესწრებოდა შრომის ინსპექციის თავმჯდომარე, გავიარეთ დამატებითი რეგულაციები. ისეთ დეტალებში ჩავედით როგორიცაა კვადრატულობაზე რამდენი სტურმარი უნდა იყოს, სავალდებულო ტესტირება როგორ უნდა იყოს წარმართული.

განსაკუთრებული მოთხოვნა არის და სიმკაცრე იქნება გამოჩენილი ე.წ სოციალური ღონისძიებების მიმართ. როდესაც ბევრი ადამიანი იკრიბება რესტორანში, რაც აკრძალულია დღესდღეობით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, სარესტორნო ბიზნესი შიდა სივრცეების დროულ გახსნასთან ერთად, შაბათ-კვირას საქმიანობის უფლებას და "კომენდანტის საათის" გადაწევას ითხოვდა, თუმცა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილება სამწუხაროდ მიღებული არ არის და ამის არც მოლოდინი ჰქონდა ბიზნესს.

საერთო ჯამში, ის, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, არის ის, რომ რესტორნების შიდა სივრცეები ეტაპობრივად, რეგულაციების შედარებით მკაცრი დაცვით გაიხსნება, თუმცა როდის, ამის შესახებ დღეს შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.