30.სექტემბერი .2019 17:13

თურნავა: უახლოეს პერსპექტივაში რუსეთთან ფრენების აღდგენა ცალსახად პოზიტიური სიგნალი იქნება

views 240
უკან

"მე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა შემიძლია დავადასტურო ის, რაც ახლა უკვე სტატისტიკურადაც ჩანს - რუსეთის მხრიდან ფრენების შეჩერებამ სერიოზულად დაგვაზარალა", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის კომენტირებისას. ნათია თურნავას განცხადებით, ამაზე ეროვნული ბანკის 8 თვის მონაცემებიც მეტყველებს, რომელთა მიხედვითაც საერთაშორისო მოგზაურებისგან შემოსული თანხების მხრივ კლებაა.

„ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას მაქსიმალურად დავუდექით გვერდში, განსაკუთრებით მცირე და საოჯახო სასტუმროებს, ეს ნეგატიური ტენდენცია ჯერ კიდევ არ არის გადალახული და იმედი გვაქვს, რომ მომავალში შევძლებთ მის გადალახვას", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს მომავალში ფრენების აღდგენა ცალსახად პოზიტიური სიგნალი იქნება ჩვენი ბაზრის განვითარებისთვის, მით უმეტეს მოახლოებული ზამთრის ტურისტული სეზონის ფონზე.

„ჩვენი სამთო კურორტები ელოდებიან ტურისტებს, მათ შორის რუს ტურისტებს. აქედან გამომდინარე, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა იქნება ძალიან დადებითი განვითარება და მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის. ყველაფერი, რაც წაადგება ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ტურიზმს, ცალკეულ ოჯახებს და მცირე ბიზნესს, ჩვენთვის კარგი და დადებითია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა