მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: ვრცელდება ინფორმაცია, რომ „აირზენა“ ბილეთებს ჩვენთან შეუთანხმებლად ყიდის

5efcc10950741
BM.GE
01.07.20 21:20
1918
მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს და გავაფრთხილო, რომ ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვებგვერდებზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ავიაკომპანია „აირზენას“ მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებლად რეისების დაგეგმვის შესახებ კომენტარისას განაცხადა.

მისივე თქმით, 11-ზე მეტი საერთაშორისო რეისი შესრულდება ყველა ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით და კონკრეტული გრაფიკით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბილეთების შეძენა ისეთ რეისებზე, რომელიც არ არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული. სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია „აირზენა“ ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შეუთანხმებლად ყიდის და ეს რეისები არ არის ჩვენს მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ეს არის ძალიან არასწორი ქმედება, რომელიც ადამიანებს საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებს, ვინაიდან ასეთ რეისებზე ბილეთები საკმაოდ მაღალი ფასი ღირს.

„მოვუწოდებთ ავიაკომპანია „აირზენას“, რომ შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელონ ფრენების მხოლოდ იმ ჩამონათვალით და განრიგით, რომელიც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზე“, - დასძინა ნათია თურნავამ.