მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავამ „ჩალიკ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან საინვესტიციო პროექტები განიხილა

609d5d2e13d1a
BM.GE
13.05.21 21:05
539
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსხვილი თურქული კომპანიის „ჩალიკ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს აჰმეთ ჩალიკს შეხვდა, რომლის დროსაც განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება და თურქული ჰოლდინგის მიერ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები.

„ჩალიკ ჰოლდინგი“, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის დარგის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, ამჟამად განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე მუშაობს. ნათია თურნავასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შიდა ქართლის მხარეში, სოფელ ნიგოზასთან ქარის ელექტროსადგურის მიმდინარე პროექტზე. აღინიშნა, რომ დაგეგმილია პროექტის მშენებლობის ეტაპზე გადასვლა მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო 2022 წლის დასაწყისში სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობას. ამავე დროს აღინიშნა, რომ ასეთი სადგურების პროექტირება და მშენებლობა განხორციელდება მხოლოდ გარემოზე მინიმალური ზემოქმედებითა და ყველა სათანადო კვლევის დეტალურად და სკრუპულოზურად შესწავლის შემდეგ. ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ნიგოზას ქარის სადგურის პროექტში „ჩალიკ ენერჯის“ პარტნიორია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელიც ერთობლივ კომპანიაში „ჩალიკ ჯორჯია ვინდში“ 15 პროცენტს ფლობს. დაგეგმილია დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება. ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ, ხოლო სადგურის სავარაუდო წლიური გამომუშავება 180 გეგავატი საათი იქნება. პროექტის მიხედვით, მშენებლობის პროცესში დასაქმდება 200, ხოლო ოპერირებისას - 25 ადამიანი.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი.