მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავას ცნობით, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა რუსულ ენერგოკომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

5e2fdea6a7d94
ინგა მურუსიძე
28.01.20 11:11
1056
„როგორც ვიცით, ისინიც ახორციელებენ მოლაპარაკებებს რუსულ ენერგოკომპანიებთან“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუკი ენგურჰესის მიერ გამომუშავებული რესურსი საკმარისი არ იქნება აფხაზეთის მოსახლეობის მომარაგებისთვის.

„პირველ რიგში, გეტყვით, რომ გასულ წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო ჩვენი ინიციატივით, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ და „ევროპული საინვესტიციო ბანკის“ დახმარებით, ეს არის ენგურის და ვარდნილის რეაბილიტაცია, რაც უახლოეს სამ წელიწადში მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ენგურ-ვარდნილი - ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგო-კასკადის სიმძლავრეები ისევ თავისი ისტორიული, დადგმული სიმძლავრის დონეზე ავიდეს და ეს რესურსი გაიზარდოს. გასული წელი იყო საკმაოდ რთული და მშრალი ჰიდროლოგიური თვალსაზრისით. ეს ყველაფერს დაეტყო და მათ შორის ენგურის რესურსებსაც. ის ემსახურება სრულიად საქართველოს, მათ შორის ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, მაგრამ რასაკვირველია, თუკი ეს რესურსი არ იქნება საკმარისი, როგორც შარშან, ისე წელსაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ მათ და არ დავტოვოთ რთულ ვითარებაში. თუმცა ისინიც ახორციელებენ გარკვეულ მოლაპარაკებებს რუსეთის ენერგო კომპანიებთან, რამდენადაც ჩვენ ვიცით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ვალია დაეხმაროს ოკუპირებულ ხაზს მიღმა მოსახლეობას, მიუხედავად მათი ე.წ. ხელისუფლების დესტრუქციული ქმედებებისა.

„სეპარატისტებთან ჩვენ ხელისუფლების არანაირი კომუნიკაცია არ ექნება და ვერ შედგება. როცა ვამბობთ, რომ ენგურჰესი ემსახურება სრულიად საქართველოს, ჩვენ ვგულისხმობთ აფხაზ ძმებს და დებსაც, მოსახლეობას, რომლებიც საკმაოდ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენი ვალია დავეხმაროთ მათ, მიუხედავად დესტრუქციული ქმედებებისა, რასაც შეიძლება მათი ე.წ. სამთავრობო რეჟიმები ახორციელებდენ",  - აღნიშნა მინისტრმა.