24.სექტემბერი .2019 14:12

თურნავას უწყება „საქნახშირს“ მეშახტეებისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისკენ მოუწოდებს

views 202
უკან

„მოვუწოდებთ „საქნახშირის“ ადმინისტრაციას, დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება“, - ეს არის ამონარიდი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან, რითაც თურნავას უწყება ტყიბულში 15-მდე მეშახტის პროტესტს ეხმაურება.

საქმე იმაშია, რომ ტყიბულში დღეს დილიდან 15-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებს.

„კომპანია „საქნახშირი“ ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებები და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის, სახელფასო ანაზღაურების დროულად გადახდის მიმართულებით.
კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს და დაიცვას ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა ინტერესები, მით უფრო, როდესაც საუბარია როგორც შახტებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე.

ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა გერმანულმა კომპანიამ DMT შეისწავლა. გერმანელი სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ტყიბულის შახტებში ტექნიკურ და შრომითი უსაფრთხოების კუთხით შეუსაბამობები გამოვლინდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით, „საქნახშირს“ თითქმის ერთი წელია, რაც მიეცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც კომპანიას შახტებში სრულფასოვანი ამოქმედების შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა „საქნახშირმაც“, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია „საქნახშირი“ რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, რაც ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც ცნობილი იყო.

„მოგეხსენებათ, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში მხოლოდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ხორციელდება. მიუხედავად ამისა, მოცემულობიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით ამ 13 თვის განმავლობაში პერსონალისთვის ხელფასების გაცემა უწყვეტად ხდებოდა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა.

რაც ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და მთლიანობაში თითქმის 20 მილიონ ლარამდეა. ამ დროისთვის, კომპანია „საქნახშირი“ რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, ინფორმაცია ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც ცნობილი იყო. ამ დროისათვის კომპანია სახელმწიფოსთან ერთად კონსულტაციებს აქტიურ რეჟიმში აწარმოებს, რათა გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან ერთობლივად გამოინახოს", - აღნიშნულია განცხადებაში.