29.თებერვალი .2020 12:00

ტუროპერატორები დახმარებას ითხოვენ

views 2703
უკან

ტუროპერატორ TRIP TRAVEL-ის წარმომადგენლის, თინი ახობაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ფოსრმაჟორის გამო მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნებში ჯავშნებს აუქმებენ და უკვე შეძენილი ტურების თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ.

როგორც მან bm.ge-ს განუცხადა, ქვეყანაში ტურისტული მიმართულებით სრული ქაოსია, ვინაიდან ტურიზმის ადმინისტრაცია საკითხის დასარეგულირებლად არაფერს აკეთებს.

„როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული მიმართულებებით ფრენები შეწყვიტოს, ამიტომ ავიაკომპანიები, რომელიც გეუბნება, რომ ავიარეისი გაუქმდა, მომხმარებელს თავად სთავაზობს, რომ ან დაუბრუნებს თანხას, ან გადაუცვლის ბილეთს. თუმცა, როცა საქმე ეხება სასტუმროებს და დაბალბიუჯეტიან ბილეთებს, ამ შემთხვევაში საქმე სხვანაირად არის. თანხის დაბრუნება არ ხდება, ვინაიდან ასე არის გათვალისწინებული ხელშეკრულებაში. ახსნის მიუხედავად, 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და ვცდილობთ ყველა საქმე ინდივიდუალურად განვიხილოთ, რომ მოქალაქეები არ დაზარალდნენ. ვუხსნით, რომ სასტუმროები თანხებს არ აბრუნებენ, თუმცა ამის მიუხედავად გვლანძღავენ და ვართ სრულ ქაოსში“, - განაცხადა თინი ახობაძემ.

ახობაძის თქმით, ტუროპერატორები რთულ მდგომარეობაში არიან და დახმარებისთვის ტურიზმის ადმინისტრაციას მიმართავენ.

„მე გესაუბრებით 50-ზე მეტი ტუროპერატორის სახელით. სრულ ქაოსში ვართ. ადამიანები თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა ეს ჩვენთვის შეუძლებელია. ტურიზმის ადმინისტრაცია სირაქლემას პოზაშია და არაფერში გვეხმარება. ვთხოვთ, იქნებ მოგვაქციოს ყურადღება და საკითხი დაარეგულიროს. მოახდინოს მოქალაქეების ინფორმირება იმის შესახებ, რა როგორ ხდება მოგზაურობის გაუქმების დროს. სრულიად კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. აქამდე ვაწყნარებდით მოქალაქეებს, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა და მთლიანად ქაოსია“, - აცხადებს ახობაძე.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების არეალში ტურები 100%-ით უქმდება.

BM.GE საკითხთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაუკავშირდება და პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა