10.ივნისი .2020 20:30

თურქეთი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპზე გადადის

views 380
უკან

თურქეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს. როგორც პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები და 18 წლამდე ახალგაზრდები სახლიდან გასვლას შეძლებენ.

ხანდაზმულებს გარეთ გასვლა დილის 10:00 საათიდან საღამოს 08:00 შეეძლებათ, ბავშვების სახლიდან გაყვანა კი, მშობლების თანხლებით იქნება შესაძლებელი.

პირველი ივლისიდან ქვეყანაში გაიხსნება კინოდარბაზები და თეატრები, ასევე საქორწილო დარბაზები.

რესტორნებსა და კაფეებს კი, სამუშაო საათები გაუხანგრძლივდათ, კერძოდ აღნიშნულ დაწესებულებებს მუშაობა შუაღამემდე შეეძლებათ.

თურქეთში რესტორნები და კაფეები, ასევე სპორტული დაწესებულებები პირველი ივნისიდან გაიხსნა. მიმდინარე თვის დასაწყისიდან ქვეყანაში დასაშვები გახდა საქალაქთაშორისო გადაადგილებაც.

მთავრობის სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტი წარადგენს ინიციატივებს სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდისთვის.

10 ივნისის მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 172,114 დადსტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 4,729 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 144,598 ინფიცირებული.