04.აგვისტო .2021 23:00

თურქეთი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს

თურქეთი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს
views 427
უკან

თურქეთის ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, თურქეთი პირობას დებს, რომ კიდევ უფრო გააღრმავებს კომერციულ ურთიერთობებს მის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან, რუსეთთან. ორივე სახელმწიფო ისწრაფვის იმისაკენ, რომ შეასრულონ საკუთარი სავაჭრო მიზნები.

გასულ კვირას მოსკოვში ვიზიტისას მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ვაჭრობის განვითარებით სარგებელი ორივე მხარემ უნდა ნახოს. ორი სახელმწიფოს ლიდერმა მიზნად დაისახა, რომ კომერციული გაცვლის ჯამურმა ღირებულებამ 100 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინოს.

საინფორმაციო სააგენტო Anadolu-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და თურქეთს განსაკუთრებით მჭიდრო თანამშრომლობა ენერგოსექტორში აქვთ. შესაბამისად, ორი სახელმწიფო სწორედ ამ ინდუსტრიაში იმედოვნებს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.

ბიზნესსფეროს წარმომადგენლებთან ერთად ვაჭრობის მინისტრი რუსეთში ხანგრძლივი ვიზიტით იმყოფებოდა. ამ პერიოდში ის დაესწრო თურქეთ-რუსეთის მე-17 მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შეხვედრასა და KazanSummit2021-ს.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლობა ინდუსტრიულ, სოფლის მეურნეობის, ენერგო და ტურიზმის სფეროებში გაღრმავდება. მინისტრის განმარტებით, ოფიციალური ანკარას სურვილია, რომ 100 მილიარდ დოლარიანი მიზანი ორივე მხარისათვის დაბალანსებული იყოს. სახელმწიფოების ოფიციალური პირები 2021 წლის ბოლომდე კომერციული გაცვლის ღირებულების 30 მილიარდ დოლარიან მაჩვენებელს ელოდებიან.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მაჩვენებელი 2020 წელს 17%-ით შემცირდა. თურქეთიდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ჯამურმა ღირებულებამ კი 4.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.