მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანაზე შეზღუდვა ვერ ვნახეთ" - აზარაშვილი ფარმაცევტულ კომპანიებს პასუხობს

643fabca59403
თინათი ნატმელაძე
19.04.23 12:54
496
„არამხოლოდ თურქეთიდან, არამედ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ანუ იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ჩვენთან მედიკამენტები შემოდის, შესაძლოა, რომ კონკრეტულ დროს კონკრეტულ წამალზე დეფიციტი შეიქმნას, თუმცა ეს განსაკუთრებული აჟიოტაჟის საგანი არ არის, ჩვენ იმპორტის საკითხს ვაკონტროლებთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების თაობაზე განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, თურქი მომწოდებლების მხრიდან მოწოდება შეიზღუდა. თუმცა მიზეზები განცხადებაში განმარტებული არ არის.

აზარაშვილი კი აღნიშნავს, რომ მარტის თვეში თურქეთიდან რეკორდული რაოდენობის მედიკამენტები შემოვიდა და ეს რაოდენობა აპრილშიც მზარდია.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ნებისმიერ ფარმაცევტულ კომპანიას გვერდში დავუდგეთ, ქვეყანაში სწორი სისტემა შევქმნათ, რომელიც ფარმაცევტულ ბიზნესს აღრიცხავს და გამჭირვალეს გახდის. ეს, რა საკვირველია, მიმართულია იმისკენ, რომ მომხმარებლებმა უფრო ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტები მიიღონ, არ შეიქმნას დეფიციტები და არ დაირღვეს რეფერენტული ფასები.

ჩვენ ვერც თურქეთში და ვერც იმ კომპანიებთან, რომლებსაც მედიკამენტები თურქეთიდან შემოაქვთ, მსგავსი შეზღუდვა ვერ ვნახეთ. მომწოდებლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია და არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.