მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ცენტრალურ ბანკს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

64831f97eb1b3
გიორგი თოლორდავა
09.06.23 16:49
6329
პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალ ხელმძღვანელად ჰაფიზ ერკანი დანიშნა, რომელიც ეროვნული ბანკის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.

ერკანს განათლება პრინსტონის უნივერსიტეტში აქვს მიღებული და ის საქმიანობას ძირითადად უოლ-სტრიტზე ეწეოდა. 2014-დან 2021 წლამდე ერკანი ამერიკული First Republic Bank-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. გარდა ამისა, მას Goldman Sachs-შიც მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

ექსპერტების შეფასებით, ერდოღანის გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ მას ქვეყანაში არატრადიციული მაკროეკონომიკური პოლიტიკის დასრულდება და ტრადიციულ ეკონომიკაზე გადართვა სურს.

ანალიტიკოსების პროგნოზით, უახლოეს მომავალში ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული რეფინანსირების განაკვეთი მკვეთრად, 8.5%-იდან დაახლოებით 25%-მდე გაიზრდება, რაც ინფლაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლის გარდა, ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც შეცვალა. ამ პოზიციაზე ცნობილი ეკონომისტი, მეჰმეთ შიმშეკი დაინიშნა, რომელიც 2009-დან 2015 წლამდე ფინანსთა მინისტრი იყო, 2015-დან 2018 წლამდე კი - თურქეთის ვიცე-პრემიერი. 56 წლის შიმშეკი გლობალური ინვესტორებისათვის კარგად ცნობილი პიროვნებაა, რომელსაც სიმკაცრე და სტაბილურობა გამოარჩევს.

შიმშეკთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის კლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევარია და არც „ერდოღანიზმის“ თეორიის, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი უკვე წლებია ახორციელებს. შიმშეკის აზრით, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ინფლაციის დონის გაკონტროლება ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უნდა გამოიყენოს.

ერდოღანის შეფასებით, ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ინფლაციურ წნეხს ამწვავებს, რასაც, ცხადია, კლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევრები არ ეთანხმებიან. „ერდოღანიზმის“ თეორიის წყალობით, გასულ წელს თურქეთში ინფლაციის ოფიციალურმა დონემ 90%-იან ნიშნულს მიაღწია, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით კი, რეალური ინფლაცია თურქეთში 200%-ის ფარგლებში იყო.

შიმშეკის და ერკანის დანიშვნა ინვესტორებისთვის იმის მაუწყებელია, რომ შესაძლოა თურქეთი ტრადიციულ ეკონომიკურ წყობას დაუბრუნდეს და ერდოღანმა თავისი ექსპერიმენტი დაასრულოს. თავის მხრივ, ეს მოვლენა მისასალმებელია, თუმცა ეს ცვლილება გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, კერძოდ, მკვეთრად გამკაცრებული პოლიტიკა ქვეყანაში ფინანსურ მდგომარეობას გაამწვავებს, მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე კი, არ არის გამორიცხული, ერდოღანი ისევ პოპულისტურ სტრატეგიას დაუბრუნდეს და საპროცენტო განაკვეთები თითქმის გაანულოს. მსგავსი ტიპის მაკროეკონომიკური რისკი გლობალური ინვესტორებისთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომაც თურქული ლირა ფაქტობრივად ყოველდღიურად განაგრძობს ახალი ანტირეკორდის დამყარებას.