მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ელჩი: "კარგია, როდესაც მიმზიდველი ქვეყანა ხდები სამედიცინო სერვისების კუთხით"

5dc2e84d2502f
BM.GE
06.11.19 21:30
1333
კარგია, როდესაც მიმზიდველი ქვეყანა ხდები სამედიცინო სერვისების კუთხით, - ამის შესახებ Bm.ge-ისთან ინტერვიუში სამედიცინო ტურიზმის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა. მისი თქმით, თუ საკუთარი მოქალაქეებისთვის არ გაქვს კარგი ჯანდაცვის და სამედიცინო დაზღვევის სისტემა, მაშინ ეს სფერო ვერ განვითარდება.

„კარგია თუ არა ეს თურქეთისთვის? კი, ვინაიდან ამას აქვს დამატებითი ღირებულება ინვესტორებისთვის სამედიცინო სფეროში. მიზეზი იმისა, თუ რატომაც განვითარდა ეს სფერო თურქეთში არის სამედიცინო განათლება და კარგად გაგება იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა შენი საკუთარი მოქალაქეებისთვის. ჩვენც გვაქვს პრობლემები ამ კუთხით, თუმცა, ვფიქრობ, ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან ბევრს მივაღწიეთ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში და საქართველოს მოქალაქეები ამ შესაძლებლობას იყენებენ. თურქეთში კარგ ექიმებთან მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის არის უფრო იაფი, ვიდრე - სხვა ქვეყნებში. ამასთან, პირდაპირი ავიარეისები, ახლოს მდებარეობა, როდესაც ოჯახის წევრებიც მოგყვებიან, როდესაც მანქანითაც შესაძლებელია მეზობელ ქვეყანაში გადასვლა, მსგავსი უპირატესობები აქვს თურქეთს“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა.

მისივე თქმით, ის ვერ დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ თურქეთში მკურნალობის მიზნით ხშირი ვიზიტი, შეიძლება, სამედიცინო ტურიზმად ჩაითვალოს.

„მე არ ვეთანხმები იმას, რომ ეს ვიზიტები განიმარტოს როგორც სამედიცინო ტურიზმი, თუ ესთეტიკურ ოპერაციებს არ ეხება. ეს არის სამედიცინო აუცილებლობა, როდესაც გიწევს სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წასვლა. ეს არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოგზაურობები, ხალხი არ წავა სხვა ქვეყნებში, როდესაც ავად არის, თუ ეს არ დასჭირდა. პირადად მეც მქონია მსგავსი გამოცდილება ჩემი ოჯახის კუთხით და ძალიან რთულია, როდესაც სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გიწევს წასვლა. თურქულმა საავადმყოფოებმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს მოქალაქეები მიდიან თურქეთში იმისთვის, რომ იმკურნალონ, ეს ხომ თქვენი საყვარელი ადამიანების, შვილების, დედების ჯანმრთელობას ეხება. ამიტომაც ისინი ამას არ აღიქვამენ როგორც ტურიზმს“, - განმარტა თურქმა დიპლომატმა.

კითხვაზე - აქვს თუ არა საქართველოსაც პოტენციალი რომ გახდეს სამედიცინო სერვისების კუთხით სხვა ქვეყნებისათვისაც მიმზიდველი, ფატმა ჯერენ იაზგანი პასუხობს:

„საქართველოს შეუძლია გახდეს ყველაფერი, რაც უნდა რომ გახდეს, როდესაც არის ინვესტიციები, გრძელვადიანი სტრატეგიები. საქართველოს შეუძლია გააკეთოს უამრავი რამ სამედიცინო კუთხით, ვინაიდან მას აქვს კარგი მდებარეობა, კავშირები, სამუშაო ძალა“.