მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ელჩი: საქართველომ და თურქეთმა ავეჯის წარმოება ერთად უნდა განავითარონ

5dbd46b43c6d1
BM.GE
02.11.19 13:43
1748
საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შეუძლიათ ავეჯის წარმოება ერთად განავითარონ.

როგორც ელჩმა bm.ge-ისთან ინტერვიუში აღნიშნა, საქარველოს აქვს თავისი საექსპორტო უპირატესობები, რაც ორივე მხარემ უნდა გამოიყენოს.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენი სურვილია, აქ ჩამოვიდეს ინვესტორი და აწარმოოს ავეჯისთვის საჭირო მასალა. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ ეს სურვილი რეალიზებული იქნება, ვინაიდან ავეჯის მწარმოებლებისთვის ნედლი მასალა ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში, იმპორტი უნდა განხორციელდეს. როგორც მე მსმენია, უკვე არის ერთი კომპანია, რომელმაც საქართველოში დაიწყო ავეჯის ერთობლივი კომერციული წარმოება; ვფიქრობ, ისინი უკვე ხსნიან მაღაზიებს. ეს არის სფერო, სადაც საქართველოს და თურქეთს შეუძლია ერთად მუშაობა, არა როგორც მთავრობა - მთავრობასთან, არამედ როგორც - სექტორებს. საქართველოს აქვს თავისი საექსპორტო უპირატესობები, მათ შორის ევროკავშირში, მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, აზერბაიჯანში და კასპიის ზღვის მიღმა, რაც ხელსაყრელია თურქი ინვესტორებისთვის“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა.

გარდა ამისა, ფატმა ჯერენ იაზგანმა აღნიშნა, რომ საქართველომ და თურქეთმა ავეჯის წარმოების კუთხით თავიანთ ნიშაზე უნდა იმუშაონ.

„ვფიქრობ, ეს ნიშა არის დიზაინი. ვინაიდან საქართველოს და თურქეთს შეუძლია ამ კუთხითაც განვითარდნენ. ავეჯის წარმოებაში მხოლოდ მაგიდების აწყობა არ არის, ეს არის ახალი დიზაინის და ხარისხის შემუშავება, თქვენ გყავთ აქ ტრადიციულად ძალიან კარგი ავეჯის შემქმნელები და გაქვთ ესთეტიკის გასაოცარი გრძნობა. შეხედეთ სოლოლაკში სახლებს. როგორი ფანტასტიკური ხელოვნების ნიმუშების ნახვა შეგიძლიათ. ასე რომ, ვფიქრობ, თურქეთის გამოცდილების დახმარებით, ავეჯის წარმოებაში კავკასიის, ქართული დიზაინის შეტანა არის ის, რისი ნახვაც მინდა. თუმცა, თავდაპირველად გვჭირდება ნედლი მასალა, რომლის წარმოებაც საქართველოში ერთობლივი ინვესტიციებით მოხდება“, - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე კომპანიებს შორის მოალაპარაკებები არის, მაგრამ თურქმა დიპლომატმა მათი დასახელებისგან თავი შეიკავა.

Bm.ge-ისთან ელჩმა იმ სფეროებზეც ისაუბრა, რომელში ინვესტირებითაც თურქი ბიზნესმენები არიან დაინტერესებულები. ამ კუთხით მან ქარისა და ჰიდროელექტროსადგურებზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, აღნიშნა, რომ არის ერთი კომპანია, რომელიც საქართველოში სამედიცინო აპარატურის წარმოებაზეც მუშაობს.