მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თურქეთმა ტურიზმის ინდუსტრიის 50% გაკოტრებას გადაარჩინა, რაც ჩვენ ვერ შევძელით” - ტუროპერატორი

5ff31f118bb24
თამთა ჯიჯავაძე
04.01.21 19:30
2464
ვცდილობთ, რომ ვიყოთ ოპტიმისტები, - ამის შესახებ ტუროპერატორმა ლაშა ბერეკაშვილმა bm.ge-სთან ტურიზმის სექტორში მიმდინარე წლის მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პროგნოზები მაინც და მაინც ოპტიმისტური არაა, ვინაიდან ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, საიდანაც საქართველოში ტურისტები ჩამოდიან, ვაქცინაცია ჯერჯერობით აქტიურად არ მიმდინარეობს. თუმცა, პრობლემა მხოლოდ ეს არაა. როგორც ბერეკაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ინფრასტრუქტურის შესაბამისად გადაწყობა, რათა აქ ჩამოსულ ტურისტს დახვდეს მოწესრიგებული გარემო.

„ჯერჯერობით ვერ ვხედავთ იმის მზაობას, რომ აეროპორტები გადაიქცეს კოვიდ-ცენტრებად. ისე როგორც მაგალითად არის ტრაპიზონის და სტამბოლის აეროპორტებში, სადაც წუთების განმავლობაში ხდება ტურისტების კომფორტულად ტესტირება, შემდეგ ელ-ფოსტაზე უგზავნიან პასუხებს, ისე რომ დაყოვნებით არ აწუხებენ. დაწყებული აეროპორტიდან დამთავრებული ნებისმიერ ტურისტულ ატრაქციამდე - ეს ჯაჭვი უნდა იყოს საათივით აწყობილი. ქვეყანა უნდა მოეწყოს კოვიდთან ადაპტირებული ტურიზმისთვის. თუ ეს არ მოხდა, რეალურად, ჩვენ კვაზი-ტურიზმი გამოგვივა ამ წელს და მაინც მოგვიწევს ჩაკეტვისკენ სვლა, რასაც არ ვემხრობით“, - განაცხადა ლაშა ბერეკაშილმა.

მისივე თქმით, ვიდრე საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსით სარგებლობდა, ტურიზმის სექტორი ითხოვდა საზღვრების გახსნას უცხოელებისთვის, ისე როგორც ეს გააკეთა თურქეთმა. თუმცა, საქართველოში ეს არ მოხდა.

„თურქეთმა ტურიზმის ინდუსტრიის 50%-ზე მეტი გადაარჩინა რეალური გაკოტრებისგან, რაც ჩვენ ვერ შევძელით. ასევე, ახლა მაგალითისთვის რომ ავიღოთ რუსეთი, კრასნოდარის მხარეში გახსნილია საბაგიროები, ზამთრის კურორტები მუშაობს, ასევე გახსნილია უკრანაში კარპატები. ჩვენ კი იმისთვის რომ ამ წლის ზაფხულის და შემოდგომის სეზონები არ ჩაგვივარდეს, უნდა ვიცოდეთ რეალური ნაბიჯები და გეგმები, რას როგორ ვაპირებთ. თუ ეს არ გამოჩნდა, ჩავარდნილია ზაფხულის სეზონი, ვინაიდან ჯავშნებს ჩვენ 3-4 თვით ადრე ვიღებთ, ჩავარდნილი იქნება ასევე შემოდგომის სეზონიც”, - განაცხადა ტუროპერატორმა bm.ge-სთან საუბრისას.

ლაშა ბერეკაშვილი აღნიშნავს, რომ ამ კუთხით სახელწიფოს მხრიდან რაიმე ნაბიჯები არ შეინიშნება.

„ჩვენ რომ დავინახოთ რომ 2-3 თვის შემდეგ იქნება გახსნის პერსპექტივა, ბაზარს გაუჩნდება მოლოდინები, რომ გარკვეული ფინანსური სახსრები მოიზიდოს ან დახარჯოს, მოემზადოს, გადაეწყოს, ეს დამატებით აამუშავდებდა ეკონომიკას. დღეს უნდა ვიგებდეთ უკვე ამ ყველაფერს“, - აღნიშნა მან.