მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთს საქართველოში დიაგონალური კუმულაციით დამზადებული პროდუქციის EU-ში ექსპორტი შეეძლება

616ac8bde5b07
BM.GE
16.10.21 16:37
8898
საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიაგონალური კუმულაცია დამატებით სტიმულს მისცემს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში მეტი დამატებითი ღირებულების, ახალი საწარმოების, სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას.

"ცვლილება ხელსაყრელ გარემოს ქმნის, რათა თურქეთიდან მზა პროდუქციის შემოტანის ნაცვლად, მოხდეს ნედლეულის შემოტანა-გადამუშავება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სასარგებლოდ სავაჭრო სტრუქტურის გაჯანსაღებას თურქეთთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გარდა ამისა, აღნიშნული შეთანხმების ამოქმედება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში თურქეთიდან ინვესტიციების შემოდინებასა და ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას წაახალისებს.

დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებით მოხდება საქართველოში არსებული სანედლეულო ბაზის გაფართოება - ქართველი მეწარმეები შეძლებენ თურქეთიდან არა მზა პროდუქცია, არამედ ნედლეული შემოიტანონ, ადგილზე თავად მოახდინონ პროდუქციის წარმოება და მისი გატანა ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, როგორც საქართველოში წარმოებული პროდუქტის. შედეგად, გაიზრდება როგორც საწარმოების, ასევე დასაქმებულთა რაოდენობა, რაც დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენის ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში.

მეტად განვითარდება სხვადასხვა სამრეწველო სექტორი, მათ შორის ტექსტილის, ავეჯის, საშენი მასალების, მინის, ელექტრომოწყობილობების წარმოების სექტორი, ასევე გაიზრდება იმ პროდუქციის ასორტიმენტი, რომელთა გატანაც ევროკავშირის ბაზარზე იქნება შესაძლებელი.

ამასთან, დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება მეტად წარმოაჩენს საქართველოს, როგორც რეგიონალურ სავაჭრო ჰაბს,"- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.