მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი 930.7%-ით გაიზარდა - რით ვვაჭრობთ პირველ სავაჭრო პარტნიორთან?

6385a957ba9f3
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.22 00:40
1139
საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ამგვარად მეზობელმა თურქეთმა ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 15.1%-იანი წილით პირველი ადგილი დაიკავა.

გასული 10 წლის ამავე პერიოდების მიხედვით ქვეყნებს შორის ვაჭრობა 1.2-დან 1.6 მლრდ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა წელს ეს რიცხვი გაიზარდა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველო-თურქეთს შორის ვაჭრობა 36.5%-ით გაიზარდა და 2.3 მლრდ დოლარი შეადგინა.

ვაჭრობაში უმეტესი წილი - 83.4% იმპორტზე მოდის, შესაბამისად მიმდინარე წელს თურქეთში სხვადასხვა საქონლის შესაძენად 1.9 მლრდ დოლარი გავიდა, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში იმპორტის რეკორდული მაჩვენებელია. ჯამში საქართველოს მთლიან იმპორტში თურქეთის წილი 17.9%-ით განისაზღვრა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ უმსხვილეს საიმპორტო საქონლიდან ამ პერიოდში ზრდა ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილების ნაწილში გვქონდა.

როგორია იმპორტირებული TOP-5 საქონლის რეიტინგი:

1. მსუბუქი ავტომობილები - 83.2 მლნ დოლარი (2 695 ცალი); ზრდა - 644.5%;
2. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 58 მლნ დოლარი, 835 ტონა; ზრდა - 60.5%;
3. შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 43.5 მლნ დოლარი, 20 550; ზრდა 37.8%;
4. შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 38.8 მლნ დოლარი, 37 056 ტონა; კლება - 4.3%;
5. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 38 მლნ დოლარი, 30 708 ტონა; ზრდა - 94.4%;

დანარჩენი საქონელი სულ 1.6 მლრდ დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ საქონლის ექსპორტით 379.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 45.5%-ით აღემატება. ამ მაჩვენებლებით მეზობელმა თურქეთმა 8.3%-იანი წილით უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების ათეულში 8.3%-ით მეხუთე ადგილს იკავებს.

უნდა აღინიშნოს, რომ 10 თვის განმავლობაში ქვეყნამ თურქეთში ექსპორტით ყველაზე დიდი შემოსავალი ელექტროენერგიის გაყიდვით მიიღო, მაშინ როდესაც გასულ წელს ელექტროენერგია საექსპორტო საქონლის სიაში მეშვიდე ადგილზე იყო. შესაბამისად ზრდა წინა წელთან შედარებით 930.7%-ია.

TOP-5 საექსპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

1. ელეტროენერგია - 79.5 მლნ დოლარი;
2. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 64.7 მლნ დოლარი;
3. ფეროშენადნობები - 55.5 მლნ დოლარი;
4. მამაკაცისთვის ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები - 37.2 მლნ დოლარი;
5. ნახშირბადიანი ფოლადისგან ნახევარფაბრიკატები - 17.4 მლნ დოლარი;

დანარჩენი საქონელი სულ - 124.5 მლნ დოლარი.