მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები სავაჭრო ბრუნვის ზრდას ხელს შეუწყობს - არველაძე

60d42541adfa1
ინგა მურუსიძე
24.06.21 11:17
586
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის მე-12 შეხვედრა ჩატარდა, რომლის დროსაც გაიმართა მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, თურქეთის დელეგაციას კი - ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ.

როგორც bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მოლაპარაკების ფარგლებში, მხარეებმა საქართველო - თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაცია და აღნიშნულ დოკუმენტში მომსახურებით ვაჭრობის დამატების შესაძლებლობა განიხილეს. აღსანიშნავია, რომ მხარეებმა გაცვალეს ლიბერალიზაციის მოთხოვნები და შეთავაზებები, ასევე განიხილეს ტრანსპორტის სფეროში მომსახურების დანართის ტექსტი.

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანით, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების შემდგომი ლიბერალიზება, გაზრდის საქართველოს ექსპორტს თურქეთში და ხელს შეუწყობს ქართველ მწარმოებლებს, საკუთარი წარმოების აგროპროდუქცია თურქეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. მისი თქმით, თურქეთის მხარესთან კონსულტაციის პროცესი აღნიშნულ საკითხზე წარმატებით მიმდინარეობს.

მოლაპარაკებების მსვლელობისას, ხაზი გაესვა საქართველოს, თურქეთს და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების მნიშვნელობას. თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ კუმულაციის დროულად ამოქმედების მიზნით ევროკავშირს შესაბამის ინფორმაციას მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე მიაწვდის.

მხარეთა გადაწყვეტილებით, კომიტეტის შემდგომი შეხვედრა თბილისში 2021 წლის ბოლოს გაიმართება, მანამდე კი კონსულტაციები ექსპერტების დონეზე ონლაინრეჟიმში გაგრძელდება.