მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული ფარმაკომპანიები საქართველოში სამართლიანი კონკურენციის პირობებით უნდა სარგებლობდნენ - ელჩი

61e5ce725357c
თამთა ჯიჯავაძე
18.01.22 00:12
1862
საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, თურქული ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც საქართველოში დაიწყებენ ექსპორტს სამართლიანი კონკურენციის პირობებით უნდა სარგებლობდნენ. ამის შესახებ დიპლომატმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც თურქული კომპანიები საქართველოში განახორციელებენ ექსპორტს, ისინი კონკურენციის იმავე პირობებში უნდა იყვნენ, როგორც სხვა ქვეყნის კომპანიები, რომლებმაც ასევე შესაძლოა საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტი განახორციელონ. ფარმაკომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი საქართველოს მთავრობასთან განიხილონ“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის მთავრობის პირველ სხდომაზე დააანონსა, რომ მედიკამენტების გაიაფების მიზნით თურქეთის ბაზარს გახსნიდა. უკვე მიმდინარე კვირიდან კი საქართველოში თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის ავტომატური აღიარება მოხდა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე მიიღო. თურქეთის “ბაზრის გახსნა” სწორედ ამ სარეგულაციო ცვლილების გატარებას გულისხმობდა. ცვლილების შედეგად ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზე არის აკრედიტებული, მათ შორის უშუალოდ თურქული წარმოების და არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, პრემიერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და შედეგად მოსახლეობას 200 დასახელების მედიკამენტზე ხარჯს შეუმცირებს. რა პრინციპით (მოხმარების რაოდენობა, ფასი) შეირჩა მედიკამენტების ეს რაოდენობა, მინისტრს გარკვევით არ განუმარტავს.