მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა - მიზეზები

64807e59ab1f0
გიორგი თოლორდავა
07.06.23 17:20
865
თურქეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულ გაუფასურებას ისევ განაგრძობს. დღეს ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 24 ლირას მიაღწია, რაც გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმია. ერთწლიან პერიოდში თურქული ვალუტა თითქმის 25%-ითაა გაუფასურებული, ხუთ წელიწადში კი ვარდნის მაჩვენებელი 80%-ს აღწევს.

Goldman Sachs-ის პროგნოზით, წლის ბოლომდე დოლარის გაცვილითი კურსი 28 ლირას მიაღწევს, ნეგატიური სცენარით კი 35 ლირაა გათვალისწინებული, ნაცვლად ამჟამინდელი 24-ისა.

ვალუტის კურსის მიხედვით, მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის თურქეთს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი არჩევნებში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამარჯვებაა.

გასულ კვირას ერდოღანმა ახალი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა, რის შემდეგაც ლირამ განსაკუთრებით მკვეთრად დაიწყო გაუფასურება, რაც ინვესტორების მოლოდინებთანაა დაკავშირებული.

ერდოღანის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ფინანსთა მინისტრად ცნობილი ეკონომისტი, მეჰმეთ შიმშეკი დაინიშნა, რომელიც 2009-დან 2015 წლამდე ფინანსთა მინისტრი იყო, 2015-დან 2018 წლამდე კი - თურქეთის ვიცე-პრემიერი. 56 წლის შიმშეკი გლობალური ინვესტორებისათვის კარგად ცნობილი პიროვნებაა, რომელსაც სიმკაცრე და სტაბილურობა გამოარჩევს.

შიმშეკთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის კლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევარია და არც „ერდოღანიზმის“ თეორიის, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი უკვე წლებია ახორციელებს. შიმშეკის აზრით, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ინფლაციის დონის გაკონტროლება ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უნდა გამოიყენოს.

ერდოღანის შეფასებით, ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ინფლაციურ წნეხს ამწვავებს, რასაც, ცხადია, კლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევრები არ ეთანხმებიან. „ერდოღანიზმის“ თეორიის წყალობით, გასულ წელს თურქეთში ინფლაციის ოფიციალურმა დონემ 90%-იან ნიშნულს მიაღწია, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით კი, რეალური ინფლაცია თურქეთში 200%-ის ფარგლებში იყო.

ფინანსთა მინისტრად შიმშეკის დანიშვნა ინვესტორებისთვის იმის მაუწყებელია, რომ შესაძლოა თურქეთი ტრადიციულ ეკონომიკურ წყობას დაუბრუნდეს და ერდოღანმა თავისი ექსპერიმენტი დაასრულოს. თავის მხრივ, ეს მოვლენა მისასალმებელია, თუმცა შიმშეკის დაბრუნება გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, კერძოდ, მკვეთრად გამკაცრებული პოლიტიკა ქვეყანაში ფინანსურ მდგომარეობას გაამწვავებს, მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე კი, არ არის გამორიცხული, ერდოღანი ისევ პოპულისტურ სტრატეგიას დაუბრუნდეს და საპროცენტო განაკვეთები თითქმის გაანულოს. მსგავსი ტიპის მაკროეკონომიკური რისკი გლობალური ინვესტორებისთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომაც თურქული ლირა ფაქტობრივად ყოველდღიურად განაგრძობს ახალი ანტირეკორდის დამყარებას.

ცნობისთვის, ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს. თავად ეროვნული ბანკის მოქმედმა ხელმძღვანელმა, შაჰაპ კავჩიოღლუმ საჯაროდ აღიარა, რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ცენტრალური ბანკი წარმატებული ვერ აღმოჩნდა. ყოველი ეს მაგალითი კი იმაზე მიუთითებს, რომ ერდოღანს საკმაოდ მარტივად შეუძლია აზრის შეცვლა და ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის თავდაყირა დაყენება.

თურქეთის წინაშე არსებული გამოწვევები მხოლოდ ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურებით არ შემოიფარგლება. მეორე დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, კაპიტალის გადინებაა. გასულ თვეს საერთაშორისო ინვესტორებმა 50 მილიონი დოლარის ღირებულების თურქული ობლიგაციები გაყიდეს; საფონდო ბირჟაზე კი 200 მილიონი დოლარის მოცულობის თურქული კომპანიების აქციები გაასხვისეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები თურქეთთან ურთიერთობის გაწყვეტას აქტიურად ცდილობენ. გარდა ამისა, სავალუტო რეზერვების მოცულობა 2 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც 20-წლიანი მინიმუმია. თავად ეს მოვლენა იმაზე მიუთითებს, რომ თურქეთის მოსახლეობა ლირას თავიდან იშორებს და თანხას უცხოურ ვალუტაში აბანდებს, ეს კი, თავის მხრივ, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უწყობს ხელს.