10.ივნისი .2022 19:55

თურქული საინვესტიციო ჰოლდინგი „სანკო“ საქართველოში ენერგეტიკის სექტორში ინვესტირებით ინტერესდება

თურქული საინვესტიციო ჰოლდინგი „სანკო“ საქართველოში ენერგეტიკის სექტორში ინვესტირებით ინტერესდება
views 1374
უკან

დღეს თბილისის ცერემონიების სასახლეში თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი - სახელწოდებით „ჩვენებურები“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 100-ზე მეტი თურქი მეწარმე და პოტენციური ინვესტორი ჩამოვიდა თურქეთის სხვადასხვა რეგიონიდან.

ფორუმში თურქეთის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგი „სანკო“ მონაწილეობდა. ეს არის ჰოლდინგი, რომლის წლიური ბრუნვა 10 მილიარდი დოლარია.

"სანკოს" დამფუძნებელმა bm.ge-ს განუცხადა, რომ ისინი საქართველოში ენერგეტიკის სექტორში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი.

“საქართველოში ძალიან ბევრი სექტორია, სადაც შეიძლება ინვესტიციები განხორციელდეს. არის სექტორები, სადაც აქამდე ინვესტიციები საერთოდ არ განხორციელებულა. ამ სექტორებს ჩვენ კარგად მოვიკვლევთ, თუმცა სანკო ჰოლდინგისთვის ერთ-ერთი დიდი საინვესტიციო მიმართულებაა ენერგეტიკა, განახლებადი ენერგიები.

ჩვენს ჰოლდინგს 1000 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგორესურსების წარმოება შეგვიძლია, რასაც ვაკეთებთ კიდეც. ვიცით და გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია, რომ საქართველოს ენერგორესურსების წარმოება სჭირდება, შესაბამისად, ამ კუთხით ვფიქრობთ საქართველოში ინვესტიციები განვახორციელოთ. ამ ფორუმს ესწრებიან სამინისტროების წარმომადგენლები, შესაბამისად, ვფიქრობთ, ახლაც შესაძლებელია დავიწყოთ მოლაპარაკებები და სამომავლო გეგმები დავსახოთ“, - განუცხადა ზაქი ქონუქოღლუმ bm.ge-ს.

„სანკო ჰოლდინგი“ უმსხვილესი თურქული კომპანიაა, რომელიც 11 სხვადასხვა სექტორის მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, კომპანია აწარმოებს ტექსტილს, სამშენებლო მასალებსა და განახლებად ენერგიას. „სანკო ჰოლდინგის" კომპანიები ექსპორტს 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებენ და ფილიალები აქვთ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა