მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TV-ების მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენებამდე 1 დღე რჩება - ვის აქვს ბიუჯეტის ვალი?

5e01d00096bb9
ინგა მურუსიძე
24.12.19 13:50
1552
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელ ტელევიზიებს აფრთხილებს, - ამ შინაარსის განცხადება უწყებამ 23 დეკემბერს გაავრცელა და ტელეკომპანიებს 1 ოქტომბრიდან დაგროვილი გადასახადების ძირი თანხის გადახდისთვის ერთ დღიანი ვადა მისცა.

Bm.ge დაინტერესდა, რომელი ტელევიზია არ თუ ვერ იხდის გადასახადებს 1 ოქტომბრის შემდეგ და ვის ემუქრება ინკასო თუ ყადაღა; ასევე, რა ღონისძიებები შეიძლება გაატაროს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ტელევიზია გადასახადებს არ/ვერ გადაიხდის და  კიდევ, რა ხდება იმ 55-მილიონიან დავალიანებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე წლებია ტელევიზიებს ("იმედს", "მაესტროს" და "რუსთავი 2-ს")  ბიუჯეტში გადასახდელად დაუგროვდათ.

როგორც აღმოჩნდა, ცენტრალური ტელევიზიების უმრავლესობას, მათ შორის ტელეკომპანიებს - „რუსთავი 2“, „იმედი“, GDS, „მაესტრო“, „მთავარი“, „ფორმულა“, „პალიტრანიუსი“ 1 ოქტომბრიდან დღემდე ბიუჯეტის დავალიანება არ აქვთ, რაც შეეხება „TV პირველს“, ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ დავალიანება აქვთ, თუმცა ფინანსთა სამინისტროს 16 დეკემბერს დავალიანების 15 იანვრამდე გადავადების მოთხოვნით მიმართეს.

განსხვავებულია ტელეკომპანია „კავკასიის“ მდგომარეობა. მისი დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ აგვისტოს შემდეგ გადასახადებს პრინციპულად არ იხდის და ბოიკოტს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე დიდი ტელევიზიები მილიონიან დავალიანებებს სრულად არ დაფარავენ.

bm.ge-ის ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან საგადასახადო დავალიანება აქვს ასევე რამდენიმე რეგიონულ ტელევიზიასაც.

რას ამბობენ ტელევიზიები?! 

ტელეკომპანია "პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე:
  „ბოლო 5 წლის მანძილზე რამდენ რამეში შეგვეშალა ხელი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, პატიოსნად ვიხდიდით გადასახადებს, მაშინ როცა მილიონობით საბიუჯეტო დავალიანებას აგროვებდნენ სხვა არხები. არათანაბარ პირობებში ვიყავით რამდენიმე წელი. ტელევიზიებს 20 და 30-მილიონიანი დავალიანებები აქვთ და ჩვენ უნდა დაგვადონ ინკასო?! ჩვენ გვაფრთხილებენ?! მაქვს ძალიან დიდი პროტესტი, რომ ხუთი წლის განმავლობაში არცერთი დღე არავის უპატიებია ჩვენთვის, პატიოსნად ვიხდიდით ყველაფერს; ამისთვის მადლობაც ხომ გადაგვიხადა მინისტრმა (იგულისხმება ვანო მაჭავარიანი)... ნამდვილად დავიმსახურეთ ეს მადლობა. ახლა კი აღშფოთებას იწვევს ის, რომ წლის დახურვამდე შვიდი სამუშაო დღით ადრე გვეუბნებიან, რომ მიმდინარე დავალიანება გადაიხადეთო, მაშინ როდესაც ჩვენ მიმართული გვაქვს წერილით, რომ მიმდინარე გადაგვივადონ იანვრის შუა რიცხვებამდე“.

ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელი ნინო ჯანგირაშვილი: „მე არ ვიცი, ვის გულისხმობდა ფინანსთა სამინისტრო; წესით უნდა იგულისხმოს ის ტელევიზიები, ვისაც დავალიანებების სახით მილიონები აქვს დაგროვილი. მე თუ მგულისხმობდა, ძალიან შეშლია. აგვისტოში გამოვაცხადე, რომ ვიდრე არ გაირკვევა იმ 55 მილიონი ლარის ბედი, რა დავალიანებაც აქვთ ტელევიზიებს, იქამდე მე ჩემს დავალიანებას არ გადავიხდი. ახლაც იგივეს ვაცხადებ. ჯერ მითხრან, როდის იხდის „იმედი“ იმ 19 მილიონს, რაც 14 აგვისტოს მდგომარეობით ჰქონდა; მითხრან, რამდენი აქვს „რუსთავი 2“-ს ვალი და როდის იხდის 27 მილიონს, ასევე როდის იხდის „მაესტრო“ 8 მილიონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ საკონსტიტუციოში, არამედ ყველგან ვუჩივლებ, სადაც შესაძლებელი იქნება. ეგრე სად არის, იმათ მილიონები დააგროვებინონ და მე ულტიმატუმები წამიყენონ. სანამ „იმედი“, „რუსთავი“ და „მაესტრო“ ბოლო თეთრამდე არ გადაიხდიან დავალიანებებს, იქამდე ბიუჯეტში არაფერს გადავიხდი. რატომ აიღო ჩვენმა ფინანსთა მინისტრმა ათვლის წერტილად 1 ოქტომბერი და არა - მაგალითად 15 ან 17 ნოემბერი. მე არ ვიცი, ეს არის თავის მასხრად აგდება.  გვითხრას მინისტრმა, რას აპირებს, რადგან ეს ყველაფერი არის არაკონკურენტუნარიან მდგომარეობაში ჩაყენება, ვინაიდან სხვა ტელევიზიებმა იმ თანხით, რა თანხებიც ბიუჯეტში არ გადაიხადეს, იყიდეს ტექნიკა, წაგვართვეს თანამშრომლები, მათ შორის მეც; დაიწყეს ახალი პროექტები, რომლითაც გაიზარდეს რეიტინგი, მიიღეს ბაზრის დიდი წილი და მე დეგენერატივით მთელი ეს წლები ვიხდი გადასახადებს. ინკასოს დამადებენ კი არა, დამიბრუნონ მთელი ამ წლების განმავლობაში გადახდილი თანხა იმის პროპორციულად, რასაც ახლა პატიობენ „იმედს“, „რუსთავი 2“-ს და „მაესტროს“. არ მაინტერესებს, ხვალ რას იზამენ. დაადებენ ინკასოს და შეაფერხებენ ტელევიზიის მუშაობას?! ამას დარექმევა თავისი სახელი. ან „იმედს“ გადაახდევინონ ის 19 მილიონი, „რუსთავს“ 27 მილიონი და „მაესტროს“ 8 მილიონი და ან მანამდე არ გამეკარონ, თორემ ვუჩივლებ ყველგან სადაც შესაძლებელია. ჩემს რაღაც სასაცილო თეთრებზეა საუბარი იმათი მილიონების ფონზე“. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია: „1 ოქტომბრიდან გადასახადებს ვიხდით; მას შემდეგ, რაც ჩვენ გადმოვიბარეთ მენეჯმენტი, მიმდინარე გადასახადების გადახდა დავიწყეთ. იცით, რომ გვაქვს დაგროვილი დავალიანება და ამ ნაწილში შეიძლება ეხებოდეს ეს განცხადება „რუსთავი 2“-ს. ამ თემაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ფინანსთა სამინისტროსთან, თუმცა, ჯერ-ჯერობით, საბოლოო შედეგამდე მისული არ ვართ. საკმაოდ დიდი თანხაა და არ გვინდა ისეთ შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, რომელიც აპრიორი დაირღვევა. მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, მათ შორის კომპანიაში ტარდება აუდიტი, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება, შესაბამისად, როგორც კი საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, გვექნება ჩვენი პოზიცია სამინისტროსთვის შესათავაზებლად თუ რა ვადაში შევძლებთ წინა წლების დავალიანების გადახდას.  რა თქმა უნდა, დავალიანების გადანაწილება უნდა მოხდეს; ამხელა თანხის ერთბაშად დაფარვა შეუძლებელია. რაც შეეხება შემცირებას, საურავის კუთხით შესაძლებელია, თუმცა ამაზე საბოლოო პასუხი არ გვაქვს. სამინისტრო თავის ფუნქციას ასრულებს და ითხოვს გადასახადების გადახდას იმ ვადაში, რაც გაწერილია კანონმდებლობით. მათი მოთხოვნა კანონშესაბამისია; დანარჩენი, რა როგორ მოხდება და ვინ როგორ აღასრულებს, ეს უკვე გამოჩნდება“.

ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია: „დავალიანება არ გვაქვს, ვიხდით ყველაფერს კაპიკ-კაპიკ“. 

ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროს“ და GDS-ის იურისტი ნინუცა პავლიაშვილი: „ფინანსთა სამინისტროს ეს განცხადება ჩვენს თავზე არ მიგვიღია, ვინაიდან როცა გამოქვეყნდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მხრიდან მიმდინარე დავალიანებებთან დაკავშირებით, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ გადახდა და 1 ოქტომბრიდან დავალიანებებს ვიხდით კანონის შესაბამისად“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი ზუკა გუმბარიძე: „ჩვენ ბიუჯეტის მიმართ არანაირი დავალიანება არ გვერიცხება. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრო ბიზნესთან მაქსიმალურად კონსტრუქციული უნდა იყოს, მით უმეტეს ტელევიზიებთან მიმართებაში“.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" იურისტი ანა სამსონია: „ჩვენ არ გვაქვს არანაირი დავალიანება ბიუჯეტის წინაშე და ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში არ მოვიაზრებით, მათ შორის დაგროვილი მილიონიანი დავალიანებების კუთხით“.

რაც შეეხება ცენტრალური ტელევიზიების ნაწილის პროტესტს იმ დავალიანებებთან დაკავშირებით, რომელიც "იმედს" (19 მლნ ლარი), "მაესტროს"(8 მლნ ლარი), "რუსთავი 2"-ს(28 მლნ ლარი) მართებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს საჯარო განცხადებით მიმართა ტელემაუწყებლებს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახდო დავალიანების შესახებ, წარედგინათ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები და ასევე, დაეწყოთ მიმდინარე დავალიანებების გადახდა. თუმცა, როგორც 2019 წლის 23 დეკემბერს გავრცელებული განცხადებით ირკვევა, მაუწყებლების მილიონიანი დავალიანებების გადახდის კუთხით ამ დრომდე ახალი არაფერია.

„ტელევიზიებმა წინადადებები წარმოადგინეს, დავუკორექტირეთ, მიმდინარეობს კონსულტაციები და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“, - ამბობენ ფინანსთა სამინისტროში.

რაც შეეხება მიმდინარე დავალიანებებს, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ დაგროვდა, ტელეკომპანიებს ვადა ხვალამდე - 25 დეკემბრამდე აქვთ. რა ნაბიჯებს გადადგამს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ანუ დააკმაყოფილებს თუ არა „TV პირველის“ მიმართვას დავალიანების გადავადების თხოვნაზე და დასჭირდება თუ არა „კავკასიას“ საკონსტიტუციო სასამართლოში წასვლა, სამინისტროში ამ ეტაპზე არაფერს ამბობენ.