მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტვ პირველი” სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს: გამოძიებას არ აინტერესებს ფაილი, მათ აინტერესებთ ჟურნალისტის წყარო

604a181d31a0b
სალომე მეცხვარიშვილი
11.03.21 17:13
2392
“ტვ პირველი” სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პროკურატურას ნება დართო, "ტელეკომპანია პირველში" შევიდეს და ამოიღოს “6 მარტს, გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გაგზავნილი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები”.

მოსამართლის განჩინებაში წერია, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

ტელეკომპანიის იურისტი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ მსგავსი მოწყობილობა არ არსებობს და რომც არსებობდეს, ტელეკომპანია მის გადაცემას საგამოძიებო უწყებებისთვის არ აპირებს. გიორგი მშვენიერაძის თქმით, გამოძიების ინტერესია გამოიძიოს არა თავად ჩანაწერები, არამედ დაინტერესებულია ფაილის წარმომავლობით.

“დღეს დავიწყეთ მუშაობა, რომ ის უკანონო და არაკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც ჩაბარდა ტვ პირველს, გასაჩვრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, რადგან სანამ არსებობს ეს განჩინება, მანამდე ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ შესაძლებლობა, იძულების სახით ნებისმიერ დროს განახორციელონ იმ ნივთის ამოღება, რომელიც არ არსებობს და რომც არსებობდეს, მაინც არ აპირებს, ტელევიზია მის გადაცემას საგამოძიებო ორაგნოებისთვის.

ეს განჩინება კარგად აჩვენებს გამოძიების სულისკვეთებაას - გამოძიებას არ აინტერესებს ფაილი, მათ აინტერესებთ ფაილის წარმომავლობა, ანუ ჟურნალისტის წყარო. ტელევიზია აცხადებს მზაობას, გადასცეს გამოძიებას აუდიო ფაილი, სადაც მოცემულია ჩანაწერი, მაგრამ ტელევიზიაში არ არსებობს ის მტკიცებულება, რის ამოღებასაც ითხოვს გამოძიება”,- განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე გიორგი მშვენიერაძემ.

„TV პირველმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასევე ამჟამინდელი უფროსი ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ. ჩანაწერების მიხედვით, პირები ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ, სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები - ჩანაწერს ექსპერტიზა არ ჩატარებია. ამ სამ მოქმედ პირს შორის ორმა – ანზორ ჩუბინიძემ და ბერა ივანიშვილმა ჩანაწერებზე საჯაროდ ისაუბრეს. ორივე მათგანმა ჩანაწერის შინაარსის ნაწილი დაადასტურა, თუმცა, თქვეს რომ ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა და ჩანაწერები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა.