მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თვეში $1 მლნ-ის ექსპორტს ვახორციელებთ" - თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა

5eb0198cc9286
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.20 21:50
2456
თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ კომპანია ATC-ის წარმოების ტემპი COVID-პანდემიის ფონზე არ შეუნელებია. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა მიხეილ ბეგიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ქარხანა ჩვეულ ტემპში აგრძელებს წარმოებას და თვეში 1 მლნ დოლარის ღირებულების ნაწილები გააქვს ექსპორტზე.

„რაც შეეხება გლობალურად შეგვეხო თუ არა, ჯერჯერობით რაიმე ცვლილებები ჩვენს გეგმებში ასახული არ არის, თუმცა გარკვეული სახის გავლენა, ვფიქრობთ, რომ ექნება ამ მდგომარეობას ჩვენზე. ამ ეტაპისთვის ექსპორტი ჩვეულებრივ გრძელდება. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და მასში ჩვენ გვაქვს 95%-იანი წილი. ყოველთვიურად ჩვენს პარტნიორ - Boeing-ს სტაბილურად ვაწვდით კომპოზიტურ ნაწილებს. თვეში დაახლოებით 1 მლნ დოლარის ღირებულების ნაწილების ექსპორტს ვახორციელებთ. ამ დროისთვის ვთანამშრომლობთ მხოლოდ Boeing-თან. ჯერჯერობით საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრების ეტაპზე ვართ და შემდგომში გეგმაში გვაქვს ახალი პარტნიორების მოძიება და მათთან თანამშრომლობა“, - განაცხადა მიხეილ ბეგიაშვილმა.

COVID-19-ით შემქნილ ახალ დღის წესრიგზე, კომპანიის ფინანსური დირექტორის თქმით, ადვილად გადავიდნენ, თუმცა მთავარ გამოწვევა, თავდაპირველად, თანამშრომლების ტრანსპორტირება იყო.

„კომპანია ისევ სრული დატვირთვით 24 საათიან რეჟიმში, სამ ცვლაში მუშაობს. რა თქმა უნდა, შეზღუდვებიდან გამომდინარე გამოწვევები იყო. დაგვჭირდა ქვეყანაში არსებულ რეგულაციებზე მორგება და თანამშრომლების ტრანსპორტირების, ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ნორმების დაკმაყოფილება.

ამ ეტაპისთვის კომპანიაში 170 ადამიანია დასაქმებული. ყველაზე რთული გადაწყობის პროცესში დასაქმებულების ტრანსპორტირება იყო, რადგან ზოგი რაიონებიდან დადის და მოგვიწია ამ ყველაფრის ორგანიზება. უსაფრთხოების სხვა ნორმების ორგანიზება პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ქარხანა ისედაც უმაღლესი სტანდარტების არის და უსაფრთხოებისთვის საჭირო ნაწარმი - პირბადეები, დეზობარიერები და თერმომეტრები ისედაც გვქონდა.

მიუხედავად იმისა რომ მოგვიწია ახალ დღის წესრიგზე მორგება, ჩვენი კომპანიის ხარჯი მინიმალურად გაიზარდა და რაიმე სახის ფინანსური ზარალი ჯერჯერობით არ მიგვიღია“, - აღნიშნა ATC-ის ფინანსურმა დირექტორმა.

მიხეილ ბეგიაშვილი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქარხანა ახალი ნაწილების შექმნისა და სერტიფიცირების პროცესშია.

„ჩვენ ვმუშაობთ ახალი ნაწილების წარმოების დაწყებაზე და ამის სერტიფიცირების პროცესი გრძელდება. დღეისთვის ვაწარმოებთ 230-მდე დასახელების ნაწილს და 170-მდე ნაწილის დამატებას მომავალი წლიდან ვაპირებთ, ანუ გაზრდაზე მუდმივად მიდის მუშაობა“, - უთხრა BM.GE-ის თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, ამიერკავკასიაში პირველი სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა – „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია „Elbit Cyclon-ის“ ერთობლივი პროექტი 2018 წელს ამოქმედდა. საწარმო საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების მაღალი სტანდარტის შესაბამის ნაწილებს, მათ შორის, თვითმფრინავის კარებს, აეროდინამიკურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებს სხვა ნაწილებს ამზადებს.