მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვითდასაქმებულების აღსარიცხად ჯანდაცვის სამინისტრო ონლაინ პორტალს ქმნის

5ea4482dbb3b4
ვიქტორია მღებრიშვილი
25.04.20 19:40
27146
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, იმისთვის, რომ მოხდეს თვითდასაქმებული მოქალაქეების იდენტიფიცირება, დასაქმების სააგენტო ონლაინ პორტალზე მუშაობს, სადაც ამ მოქალაქეების რეგისტრაცია მოხდება. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც თამარ ბარკალაიამ განმარტა, ფორმალურ სექტორში სამსახურის გარეშე დარჩენილთა აღრიცხვას შემოსავლების სამსახური, ბიზნეს სუბიექტებთან ერთად აწარმოებს, ხოლო თვითდასაქმებულების აღრიცხვა უფრო რთული პროცესია და ის ონლაინ პორტალის მეშვეობით განხორციელდება.

მინისტრის მოადგილე პორტალის ამოქმედების კონკრეტულ დროს არ ასახელებს.

"ფორმალურად, დასაქმებულთა შემთხვევაში, ვინც დაკრგა სამსახური, თვეში არის 200 ლარი გადასარიცხი თანხა, ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური დამქირავებელთან ერთად უზრუნველყოფს ამ სიების შემუშავებას. ყოველი თვის 20 რიცხვისათვის შემოსავლების სამსახური აკეთებს აღრიცხვას ფორმალურად დასაქმებულებისთვის. აღნიშნული სიები ჩვენს სამინისტროს გადმოეგზავნება, დაახლოებით, 20 მაისისთვის და ამ სიებზე დაყრდნობით მოხდება დასაქმების სააგენტოს მიერ შესაბამისი დახმარების გადარიცხვა.

რაც შეეხება არაფორმალურად დასაქმებულებს, აქ გაცილებით რთულია იმ პირების დაიდენტიფიცირება, რომლებიც თავს ფორმალურად თვითდასაქმებულებად თვლიან და არიან არაფორმალურ სექტორში თვითდასაქმებულები, ვინაიდან ძალიან მწირია მათ შესახებ ინფორმაცია. სწორედ ამიტომ იხსნება რეგისტრაციის ონლაინ პორტალი, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რომ დროულად გავუშვათ, სადაც ისინი ძალიან მარტივად მოახდენენ თვითრეგისტრირებას და საბუთებით უზრუნველყოფას.

თუ რა ტიპის საბუთები იქნება მოთხოვნილი და რამდენად რთული იქნება ამ საბუთების მოძიება, ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს მოსახლეობას, მას შემდეგ, რაც დეტალურად შემუშავდება ის კრიტერიუმები, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მარტივი კრიტერიუმები იქნება - მოქალაქე თუ დაასაბუთებს, რომ მას დაეკარგა შემოსავალი, იქნება ეს ბანკის ანგარიშის წარდგენით, თუ ნებისმიერი იურიდიული დოკუმენტით, მას ექნება საშუალება, გაიაროს რეგისტრაცია და მიიღოს 300-ლარიანი დახმარება დასაქმების სააგენტოს დახმარებით", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.