26.აპრილი .2020 20:58

თვითდასაქმებული გიდი: „ვიხვეწებით, იქნებ, რამეში საჭირო ვართ“

views 1403
უკან

“ძალიან გულსატკენია, რომ ამდენჯერ ახსენეს ტურიზმი, და ერთხელ არ უხსენებიათ გიდების უზარმაზარი შრომა, სამაგიეროდ, ტურიზმი მხოლოდ სასტუმროები და სოფლის მეურნეობის პიარი ყოფილა“ - ეს მცირე ამონარიდია თვითდასაქმებული გიდის, ანი ივანიშვილის სტატუსიდან, რომელიც მან სოციალურ ქსელში 24 აპრილს გამოაქვეყნა.

BM.GE დაინტერესდა, კონკრეტულად რა გახდა გიდის უკმაყოფილების მიზეზი და ანი ივანიშვილს დაუკავშირდა.

როგორც ის განმარტავს, მისი სათქმელი, ძირითადად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმართ თხოვნას მოიაზრებდა.
„ვიხვეწებით, იქნებ, რამეში საჭირო ვართ, შეგვიძლია დავეხმაროთ. ბევრი ადამიანია, ვისაც შეეძლო, კვალიფიკაცია აემაღლებინა ამ პერიოდში; თუნდაც ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჩავერთეთ ან, მაგალითად, ონლაინტრენინგი ჩაეტარებინათ“,- აღნიშნავს თვითდასაქმებული გიდი BM.GE-სთან საუბრისას.

საკითხის განხილვისას, ანი ივანიშვილი ყურადღებას ტურიზმის სექტორში, როგორც გიდების, ასევე მძღოლებისა და ტუროპერატორების ფუნქციის მნიშვნელობაზე ამახვილებს და დასძენს, რომ გასათვალისწინებელია, პატარა სასტუმროებისა და ე.წ გესთჰაუსების ფაქტორიც.

„ძალიან ბევრი პატარა სასტუმრო და გესთჰაუსი დარჩა უფუნქციოდ. შეიძლებოდა, რომ მფლობელებთან შეთანხმებით, ისეთივე ჰიგიენის ნორმების დაცვითა და გაკონტროლებით, შეეყვანათ კარანტინში მყოფი ხალხი“, - დასძენს ანი ივანიშვილი.

რაც შეეხება, თვითდასაქმებულთათვის გათვალისწინებულ ერთჯერად, 300 ლარიან დახმარებას, ანი ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ის თანხის მიღებას აუცილებლად შეეცდება, თუმცა ჯერჯერობით, ამ თვალსაზრისით, არ უმოქმედია.
ამასთან, თვითდასაქმებული გიდი დასძენს, რომ სამუშაოს სეზონურობიდან გამოდინარე, რასაც პანდემიის ფონიც დაერთო, მისი ბოლო საქმიანობა 2019 წლის შემოდგომაზე შედგა და მას 2020 წლის სეზონზე გიდად არ უმუშავია.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა