მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვითდასაქმებულთა 5 კატეგორია, რომელიც კომპენსაციას დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე მიიღებს

5ea8164f497bf
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.20 15:45
14848
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილმა ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაციისას რეგისტრირებულ თვითდასაქმებულთა ის 5 კატეგორია გააცნო საზოგადოებას, რომლებიც ერთჯერად კომპენსაციას დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე მიიღებენ.

„რეგისტრირებული თვითდასაქმებულები იყოფიან 5 კატეგორიად იმის მიხედვით თუ რა საგადასახადო სტატუსი გააჩნიათ მათ შემოსავლების სამსახურში:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე პირები - აღნიშნული პირების იდენტიფიკაცია ხდება მათ მიერ 2020 წლის პირველ კვარტალში წარდგენილი დეკლარაციებისა და სალარო აპარატის გამოყენებით მიღებული ჩეკების მიხედვით. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მცირე მეწარმეს ერთხელ მაინც თუ აქვს წარდგენილი 2020 წლის კვარტალში დეკლარაცია, ან ამავე პერიოდში თუ გამოყენებული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატი, მას შეეძლება მიიღოს ერთჯერადი კომპენსაცია;

2. მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან ბაზრობის ტერიტორიაზე - ამ შემთხვევაშიც განსაზღვრელი იქნება დეკლარაცია, თუ მათ ერთხელ მაინც ჩაბარებული აქვთ დეკლარაცია 2020 წლის პირველ კვარტალში, ან ერთხელ მაინც თუ აქვთ გამოყენებული საკონტროლო-სალარო აპარატი; გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურში ბაზრობის ორგანიზატორებიდან იგზავნება შესაბამისი სიები, იანვარ-თებერვალში ეს სიები უკვე მოწოდებულია, თუ პირი დაფიქსირებული იქნება ამ სიაში მას შეუძლია მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია; ამ კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც თუ აკმაყოფილებს პირი, მას შეუძლია დამატებითი დოკუმენტის წარდგენის გარეშე დახმარების მიღება;

3. შემდეგი კატეგორია არიან პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას. ეს არის სპეციალური სტატუსი, რომელიც შექმნილია პირებისთვის, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თონეებში, სილამაზის სალონებში და ასევე ავტოტექმომსახურების ცენტრებში; ასეთი პირებისთვის რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იქნება იმისთვის რომ მათ მიიღონ კომპენსაცია და ასეთი დაახლოებით 7 000-მდე პირია იდენტიფიცირებული;

4. მიკრობიზნესის სტატუსის მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან, ეს არის გადამხდელების კატეგორია, რომელთა შემოსავალი არის 30 000 ლარამდე და რომელთაც საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება არ აქვთ, ხოლო მეორეს მხრივ იქიდან გამომდინარე, რომ მათი შემოსავალი სრულად განთავისუფლებულია 30 000 ლარამდე საშემოსავლო გადასახადისგან, ამ ნაწილში გვაქვს საკმაოდ დაბალი დეკლარირების კულტურა, აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათი მიკრობიზნესად რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია და ასეთი პირი 60 000 მეტია;

5. ბოლო კატეგორია - ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც ზემოთჩამოთვლილ არც ერთ სტატუსში არ ფუნქციონირებენ და როგორც მხოლოდ ინდმეწარმეები, ისე ახორციელებენ საქმიანობას. მათი იდენტიფიცირების საშუალება იქნება 2020 წლის 1 აპრილამდე წარმოდგენილი 2019 წლის საშემოსავლო დეკლარაცია და ასევე საკონტროლო-სალარო აპარატი, ანუ მათ თუ ერთხელ მაინც თუ აქვთ გამოყენებული საქმიანობაში სალარო აპარატი 2020 წლის პირველ კვარტალში, ისინი შეძლებენ დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე მიიღონ შესაბამისი ერთჯერადი კომპენსაცია.

ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია 150 000 თვითდასაქმებული, რომელთაც შემოსავლის წყაროს დადასტურება აღარ დასჭირდებათ. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს შესაბამისი სიების ფორმირება“, - განმარტა ლაშა ხუციშვილმა.