მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი მარო მაყაშვილის კუპიურასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

61a4d9a75b08a
ინგა მურუსიძე
29.11.21 17:56
2011
საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერნეტში გამოჩენილი, მარო მაყაშვილის 19-ლარიან კუპიურასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება ბოლო პერიოდში ინტერნეტსა და მედია სივრცეში გენდერული თანასწორობის თემაზე წამოწყებულ კამპანიას - “მაროს სახელით“ - სადაც წარმოდგენილი ლარის კუპიურა (19-ლარიანი კუპიურა) მიმოქცევის ბანკნოტების დიზაინისა და დამცავი ნიშნების სტილისტიკითა და რეკვიზიტების მიხედვითაა შექმნილი.

პირველყოვლისა, საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება გენდერული თანასწორობის იდეის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ნებისმიერ კამპანიას და, მით უფრო, მარო მაყაშვილის პიროვნების მნიშვნელობისა და როლის წარმოჩენას.

თუმცა ზემოხსენებულმა კამპანიამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა განცდა, რომ ეს კუპიურა არის რეალური სტატუსის მქონე ეროვნული ვალუტა, რომელსაც არა სიმბოლური, არამედ მსყიდველობითი დანიშნულებაც აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ თვლის მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ კუთხით არსებული სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციითა და "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე: მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს როგორც მიმოქცევისათვის, ისე საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი გამოშვების უფლება.

ლარის ბანკნოტებსა და მონეტებზე საავტორო უფლებების მფლობელია საქართველოს ეროვნული ბანკი. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ნომინალს, დიზაინს და სხვა მახასიათებლებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო.

ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების პირობები განსაზღვრულია ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესით.

ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების პირობები კი განისაზღვრება ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების წესის შესაბამისად.

აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ ფულის ნიშნებისთვის კონკრეტული თემის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნულ ბანკში შექმნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინის ესკიზების შერჩევის უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად შედიან ისტორიის, ხელოვნების, კულტურისა და სხვა, შესაბამის სფეროში მოღვაწე პირები. ფულის ნიშნის დიზაინის ესკიზები შეირჩევა ღია კონკურსის წესით, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ეძლევა სასურველი დიზაინის შექმნისა და წარმოდგენის შესაძლებლობა“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.