20.აგვისტო .2019 11:25

Twitter-მა და Facebook-მა ჩინეთის სამთავრობო "ტროლები" დაბლოკეს

views 252
უკან

სოციალურმა ქსელებმა Twitter-მა და Facebook-მა ჩინეთი ჰონკ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ამ მიზეზით Twitter-მა კოორდინირებული და აქტიური 936 ჩინური გვერდი წაშალა, რომელიც ჰონგ-კონგის აქციების რეპუტაციის შელახვას სხვადასხვა გზით ცდილობდა.

ამასთან, ამერიკულმა სოცქსელმა 200.000 ჩინელი მომხმარებელი  დროებით  დაბლოკა - ისინი დემონსტრანტების იმიჯის შესალახად ე.წ. "ტროლურ საქმიანობას" ეწეოდნენ  და ცრუ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ.     


Twitter -ის გარდა, რადიკალურ ზომებს მიმართა  Facebook-მაც. მსოფლიოში პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა იგივე მიზეზით, 7 გვერდი, 3 ჯგუფი და 5 პირადი "ექაუნთი" წაშალა. აღნიშნული გვერდები,  ჰონკ-კონგში პოლიტიკურ შუღლს აღვივებდნენ და დემონსტრანტების ძირითადი პოლიტიკური მოთხოვნების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებდნენ.

ჰონგ-კონგში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები უკვე მესამე თვეა მიმდინარეობს. მანიფესტანტები თავდაპირველად ექსტრადაციის შესახებ კანონს აპროტესტებდნენ; მას შემდეგ, რაც მთავრობამ კანონში ცვლილების შეტანა გადადო, მათ მოთხოვნებს ჰონგ-კონგის ლიდერის გადადგომაც დაემატა.