მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ს ახალი დირექტორი ჰყავს, მაგრამ მასკი მის ვინაობას არ ასაჯაროებს

645df4eea13a8
გიორგი არონია
12.05.23 12:19
487
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, ამერიკულ Twitter-ის ახალი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ნაპოვნია, - ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა, ილონ მასკმა Twitter-ში დაწერა. კომპანიის დირექტორის ვინაობას ილონ მასკი არ ასახელებს, მაგრამ წერს, რომ ის ქალია და მუშაობას დაახლოებით ექვს კვირაში დაიწყებს. პარალელურად ამისა, ილონ მასკი, რომელიც დღეს დირექტორის თანამდებობას თავად იკავებს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და ტექნოლოგიურ დირექტორად დაინიშნება და პროდუქტის, პროგრამული უზრუნველყოფისა და სისტემური ოპერაციების მიმართულებებს ჩაიბარებს.

ილონ მასკის განცხადებას გლობალურ მედიაში Twitter-ის ახალი დირექტორის თაობაზე სპეკულაციები მოჰყვა, მაგრამ ამ დროისთვის ყველაზე სარწმუნო ინფორმაცია The Wall Street Journal-მა გაავრცელა, რომლის თანახმად, კომპანიის ახალ დირექტორად NBCUniversal-ის აღმასრულებელი, ლინდა იაკარინო განიხილება. იაკარინო, რომელიც ათწლეულზე მეტია, რაც NBCUniversal-ში მუშაობს, დღეს კომპანიის გლობალურ სარეკლამო ბიზნესს ხელმძღვანელობს. ამასთან, ლინდა იაკარინო პირადად იყო ჩართული კომპანიის სტრიმინგ-პლატფორმის, Peacock-ის შექმნასა და გაშვებაში.

ლინდა იაკარინოს კომპანიიდან შესაძლო წასვლის ფაქტს გამოეხმაურა თავად NBCUniversal-იც, რომელმაც The Wall Street Journal-ისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ დღეს, ლინდა იაკარინოს ყურადღება სრულადაა გადართული კომპანიის წლის მთავარი სარეკლამო ღონისძიების, Upfront-ის დაგეგმვისკენ. 

სოციალური ქსელის ახალ დირექტორად რეკლამირების ექსპერტის დანიშვნა უცნაური სულაც არ არის, რადგან ეს სწორედ ის მიმართულებაა, რომელშიც Twitter-ს ყველაზე დიდი დახმარება სჭირდება. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter-ი შეისყიდა და ცვლილებები დაიწყო, ბევრმა კომპანიამ, რომელიც სოციალურ ქსელში რეკლამებს ათავსებდა, სოციალურ ქსელთან თანამშრომლობაზე უბრალოდ უარი თქვა. ამრიგად, თუ Twitter-ის დირექტორად მართლაც ლინდა იაკარინო დაინიშნება, მას გაქცეული პარტნიორების დაბრუნება მოუწევს, რადგან მათზე კომპანიის შემოსავლის უდიდესი ნაწილი მოდის.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 2021 წელს, ანუ ერთი წლით ადრე, სანამ ილონ მასკი Twitter-ის მფლობელი გახდებოდა, კომპანიის შემოსავლის 90%-ს სწორედ რეკლამები შეადგენდა, მაგრამ მოგვიანებით, სარეკლამო შემოსავალი 40%-ით შემცირდა. როგორც ანალიტიკური კომპანია Sensor Tower-ი წერს, შემოსავლებთან ერთად, საგრძნობლად შემცირდა უშუალოდ პარტნიორი კომპანიების რაოდენობაც. სარეკლამო დანახარჯებით წამყვანი ასი კომპანიიდან, ილონ მასკის გამოჩენის შემდეგ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 37-მა პლატფორმაზე რეკლამის განთავსებაზე უარი განაცხადა. დამატებით 24-მა კომპანიამ კი, დანახარჯები სულ მცირე 80%-ით შეამცირა.

ლინდა იაკარინო, რომელიც დღეს NBCUniversal-ის $13-მილიარდიანი სარეკლამო ბიზნესს ხელმძღვანელობს, მარკეტერებთან და სარეკლამო სააგენტოებთან მისი მჭიდრო ურთიერთობითაა ცნობილი. ამასთან, ის მოლაპარაკებებში მკაცრი სტილით გამოირჩევა, რის გამოც, ინდუსტრიაში მას “ხავერდის ჩაქუჩის” სახელით იცნობენ. საინტერესოა, რომ აპრილში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე, ლინდა იაკარინომ ილონ მასკთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის დროსაც მას Twitter-ის განვითარების ხედვაზე და მის ცნობილ “ტვიტებზე” ჰკითხა.

“ილონი მოწადინებულია, ყოველთვის იყოს ხელმისაწვდომი მუდმივი უკუკავშირისთვის”, - განაცხადა ლინდა იაკარინომ ინტერვიუს ბოლოს და მოგვიანებით დასძინა, რომ თუ სიტყვის თავისუფლება, რომელზეც ილონი ლაპარაკობს, მართლაც წარმოადგენს ამერიკის ქვაკუთხედს, ის ვერ იპოვის ვერც ერთ ადამიანს, ვინც ამას შეეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ Twitter-ი ილონ მასკმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, $44 მილიარდად შეისყიდა და მას მერე, მის დირექტორად რჩება. ამ დროის განმავლობაში, ილონ მასკმა დაითხოვა არამხოლოდ კომპანიის მენეჯმენტის ყოფილი წევრები, არამედ ათასობით სხვა თანამშრომელიც. ამასთან, ილონ მასკმა შეცვალა კომპანიის ბიზნესმოდელი და მოგვიანებით, Twitter-ი, როგორც კომპანია, საერთოდ გაუქმდა, რადგან მისი მფლობელი ილონ მასკის ჰოლდინგური კომპანია, X Corporation-ი გახდა. სწორედ ეს კომპანიაა ილონ მასკის სამომავლო გეგმების მთავარი დასაყრდენი, რადგან მილიარდერს ყველაფრის აპლიკაციის, ე.წ. “სუპერ აპის” შექმნა სურს.